გურჯაანი–ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო
როგორც knews.ge–ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, ახალი მაგისტრალი ავტოსატრანსპორტო მოძრაობას განტვირთავს და ავტოსაგზაო შემთხვევებს შეამცირებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის სავალ ნაწილს, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ხელოვნური ნაგებობები, საგზაო სამოსი, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და ადგილობრივი მცხოვრებლების ეზოებში შესასვლელები. შემოვლითი გზის მშენებლობის შედეგად ნარჩენებისგან სრულად გაიწმინდება გზის ორივე მხარეს ნაგავსაყრელებად ქცეული ტერიტორიები, სადაც საქონელი ბალახობს.
„ახალი გურჯაანი–ბაკურციხეს და რესპუბლიკური მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მიმართულებას დააკავშირებს შიდა გზასთან, რომელიც არის ახმეტა-თელავი-ბაკურციხე. ამ ორი გზის ერთმანეთთან დაკავშირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გზის ამ მონაკვეთებზე უსაფრთხო და სწრაფ მოძრაობას და მნიშვნელოვნად განტვირთავს რამდენიმე სოფელს, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა ხდებოდა“, – განუცხადეს knews.ge–ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. აღნიშნული შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყება ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დაანონსდა.
როგორც knews.ge–ს კახეთის გუბერნატორმა ირკალი ქადაგიშვილმა განუცხადა, ამ პერიოდის განმავლობაში ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმ ვენახების შესყიდვაზე, რომლებზეც ახალი გზა გაივლის.
„ამ გზის მშენებლობა შეფერხდა, რადგან ხელისუფლებას უნდა შეესყიდა ის ვენახები, სადაც ახალმა მაგისტრალმა უნდა გაიაროს. მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა ამ ვენახების პატრონებთან“, – განუცხადა knews.ge–ს ირაკლი ქადაგიშვილმა. პროექტს შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის ღირებულება 38 მილიონი ლარია და შემოვლითი გზის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.