თუშეთის სოფლებში ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს
,,აქტიურად მიმდინარეობს ომალოდან პირიქითა და გომეწრის ხეობებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შენაქოსა და ბეღელას ხიდების მოწყობა, რომელთაგან უკანასკნელი, გომეწრისა და წოვათის ხეობის სოფლებს გარესამყაროსთან აკავშირებს,” – განუცხადა knews,ge-ს თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ.
თუშეთში გაზაფხულზე დაზიანებული ხიდების გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება. ახალი ხიდი კი სოფელ ჯვარბოსელთან შენდება.
,,თუშეთში ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას, მოკლევადიანი საკურორტო სეზონიდან გამომდინარე, საჭიროა დროის მაქსიმალურად გამოყენება. თუშეთის სოფლებში მიმდინარე შიდა სამუშაოები, ძირითადად დამოკიდებულია ცენტრალური გზის მოწესრიგებაზე, რომელიც ხშირად ზიანდება და ტურისტულ სეზონს აფერხებს. აუცილებელია ადგილზე არსებული რესურსის სწორად განაწილება და განკარგვა ისე, რომ პარალელურ რეჟიმში მოხდეს ყველა საჭირო ტექნიკის დროულად გამოყენება. ამასთანავე, აუცილებელია, რომ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია ცალკე, დამოუკიდებლად, საკურორტო სეზონის დაწყებისთანავე განხორციელდეს”, – აღნიშნავს ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული.