სტატიები

ფერმერული მეურნეობის მიმართულებით კანონი შეიქმნება

ამ საკითხის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის მიზნით საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა შეიმუშავა კონცეფცია, რომლის საჯარო განხილვა თელავიდან დაიწყო. როგორც knews.ge–ს კავშირის პრეზიდენტმა ირინე ფხოველიშვილმა განუცხადა, ფერმერული მეურნეობის შესახებ კანონი ამ მიმართულების განვითარებას შეუწყობს ხელს. 
„ეს კონცეფცია ჯერ კიდევ 2014 წელს შემუშავდა. ეს წარედგინა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს. დღეს ფაქტობრივად საქართველოში არ ვიცით, ვინ არის ფერმერი, ვინ შეიძლება იყოს აგრარული სექტორის ინვესტორი და რას წარმოადგენს აგრარული სექტორის ინვესტორი. როდესაც ეს მოქცევა საკანონმდებლო ბაზაში და განისაზღვრება სტატუსები, ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, ვიცოდეთ ვართ თუ არა ფერმერი, რომელი კატეგორიის ფერმერს მივეკუთვნები“, – განუცხადა knews.ge–ს ირინე ფხოველიშვილმა. 
ფხოველიშვილი მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონის ამოქმედების შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამები მიზნობრივად განხორციელდება.

„აგროკრედიტი უნდა მიიღოს ფერმერმა და არა ნებისმიერმა მოქალაქემ, რომელსაც სესხი სჭირდება. ყველა სახელმმწიფო პროგრამა უნდა იყოს ფერმერთა ინტერესებზე მორგებული. როდესაც ჩვენ გვქნება ფერემერბის შესახებ ინფორმაცია, სახელმწიფო მიზნობრივად დაიწყებს პროექტების განხორციელებას. ეს საჭიროა არა მხოლოდ ფერმერისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც. ერთ–ერთ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გულისწყრომით თქვა, რომ ჩაის მწარმოებლების სახელმწიფო პროგრამის გაძლიერების დროს გაძლიერდა ისევ ის მეურნეობა, რომელსაც დახმარება არ სჭირდებოდა. მცირე ფერმერულმა მეურნეობებმა ამ პროექტით ხეირი ვერ ნახეს“, – აღნიშნავს ფხოველიშვილი. 
მეწარმეები დადებითად აფასებენ მოსალოდნელ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ფერმერული მეურნეობის, ფერმერისა და აგროსეტორის ინვესტორის სტატუსი კანონით განისაზღვრება. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურის მცხოვრები ნუნუ კაციაშვილი ფირობს, რომ ეს კანონი მცირე ფერმერებს ხელისუფლებასთან და ინვესტორთან კომუნიკაციას გაუადვილებს. 
„ამჟამად ვაპირებ საქმიანობა მეხილეობის მიმართულებით დავიწყო. მინდა გავაშენო კენკროვანი ხილი, რადგან მოთხოვნადი და ხურმა. თუ ჩვენ კანონმდებლობით გვექნება ფერმერის სტატუსი, ინევსტორის მოზიდვის შესაძლებლობა გვექნება. ინვესტორისა და ფერმერის ურთიერთობა სამართლებრივ ჩარჩოში უნდა მოექცეს“, – აღნიშნავს ნუნუ კაციაშვილი. 
საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირი ფერმერული მეურნეობის შესახებ კონცეფციის საჯარო განხილვას კახეთის სხვა მუნიციპალიტეტშიც გეგმავს.