თელავში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა იგეგმება
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაგებობის ფუნქციონირება უზრუნველყოფს ქალაქ თელავის ფარგლებში წარმოქმნილი საკანალიზაციო წყლების გაწმენდას დასაშვებ დონემდე.
,,გაწმენდილი წყლის ჩაშვება გათვალისწინებულია მდინარე ალაზანში. ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ოპერირებას განახორციელებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“. სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა მოიცავს დაახლოებით 1 წელიწადს. აღნიშნულში შედის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის სამუშაოებიც. გამოყოფილი ტერიტორიის შიდა პერიმეტრზე, რომელიც შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“-ს საკუთრებაშია, განთავსდება კონტეინერული ტიპის ოფისები, მომსახურე პერსონალის ტანსაცმლის გამოსასცველი ოთახები, შეხვედრების ოთახი. მოეწყობა სამშენებლო ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების პარკინგი, მექანიკური დამუშავების უბანი, სასაწყობო მეურნეობა ნარჩენების და სამშენებლო მასალების განთავსებისთვის. სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო ინერტული მასალების და მზა ბეტონის ხსნარის შემოტანა მოხდება რაიონში მოქმედი ფიზიკური და იურიდიული პირების საწარმოებიდან. მშენებლობის ეტაპზე დასაქმებულთა (35 ადამიანი) უმრავლესობა (80%) იქნება ადგილობრივი მოსახლეობა. საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით გამწმენდი ნაგებობა იმუშავებს მთელი წლის განმავლობაში, 24 საათიანი სამუშაო რეჟიმით. ექსპლუატაციის ფაზაზე სულ დასაქმებული იქნება დაახლოებით 15-20 ადამიანი”,– განაცხადეს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში”.
თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და ფუნქციონირების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება: 2017 წლის 30 აგვისტოს 14:00 საათზე ქ. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. საზოგადოების წარმომადგენლებს წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ განცხადების გამოქვეყნებიდან 45 დღის ვადაში.
პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ (SIDA) მსოფლიო ბანკის დახმარებით.