ლაგოდეხში მოყვანილი თხილი ექსპორტზე იტალიაში გადის
კოოპერატივის ხელმძღვანელი, გიორგი ენუქიძე ამბობს, რომ აგვისტოს ბოლოს 7 ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან. მისივე ინფორმაციით, პროდუქცია ექსპორტზე იტალიაში გადის და მისი ღირებულება 1 დოლარია.
”ჩვენი წარმოებული გულშიშველას, შველისყურას და ანაკლიური ჯიშის თხილის თითქმის 80 პროცენტი საექსპორტოა, რადგან ადგილობრივ ბაზარზე თხილს თითქმის არავინ ყიდულობს. შესაბამისად, ვთანამშრომლობთ რამდენიმე ქართულ კომპანიასთან, რომელსაც ჩვენი თხილი ექსპორტზე იტალიაში გააქვს. ერთი კილოგრამი პროდუქციის ღირებულება 1 დოლარია. კახურ თხილზე უცხოეთში დიდი მოთხოვნაა, რადგან ის თავისი გემოვნური თვისებებით, შემადგენლობით, ბევრად სჯობს მეგრულ, გურულ და თურქულ თხილს”, –განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ენუქიძემ.
კოოპერატივი, ასევე, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქციას აწარმოებს. მისი საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება თხილის წარმოების გარდა, მეხილეობა და მემარცვლეობაა. ,,მარგი L”–ში 11 წევრია, საიდანაც 5 ქალი და 6 მამაკაცია. კოოპერატივის საკუთრებაში ვენახი და სათბურიც შედის.
,,ჩვენ, ასევე, გვაქვს ვენახი, ვაყენებთ 2500–მდე ბოთლ ღვინოს და გაგვაქვს სარეალიზაციოდ თბილისში მდებარე ღვინის მაღაზიებში. გვაქვს სათბური, სადაც მოგვყავს ბოსტნეული: ძირითადად კიტრი და პომიდორი, გვაქვს ასევე სამაცივრე მეურნეობა და 30 ტ ტევადობის მაცივარი, მაგრამ ვერ ვამუშავებთ, რადგან ჩვენ შესანახი პროდუქცია არ გვაქვს. მისი დაქირავების სურვილი კი არავის გამოუთქვამს’’, – აღნიშნა ენუქიძემ.
კოოპერატივი მეცხოველეობისა და მეფრინველეობის მიმართულებითაც მუშაობს. გიორგი ენუქიძე ამბობს, რომ ქათმებს და ძროხებს საკუთარი მარცვლეულით კვებავენ.
,,კოოპერატივის ფარგლებში გვყავს 14 სული ძროხა და 600 ფრთა ქათამი. გარდა ამისა, გვაქვს სასოფლო–სამეურნეო მიწები, სადაც ვთესავთ მარცვლეულ კულტურას, მოგვყავს და იმით ვკვებავთ პირუტყვს და ქათმებს. ეს წარმოებული ხორცის და რძის პროდუქტების ხარისხიანობას და სისუფთავეს განაპირობებს.’’
კოოპერატივი სამომავლოდ აგროტურიზმის მიმართულებითაც აპირებს საქმიანობის დაწყებას. გიორგი ენიქიძის ინფორმაციით, კოოპერატივის მფლობელობაში ლაგოდეხის ნაკრძალში მდებარე 30 ადგილიანი მშენებარე სასტუმროა, რომლის დასრულებასაც ფინანსური სახსრების ნაკლებობის გამო ვერ ახერხებენ.
,,გვაქვს ტურისტული სასტუმრო, მაგრამ ვერ ვამუშავებთ. ფინანსების არქონის გამო მშენებლობას ვერ ვასრულებთ. სასტურო ლაგოდეხის ნაკრძალშია აშენებული და მშენებლობის დასამთავრებლად 300–400 ათასი დოლარის ინვესტიცია გვჭირდება. გვქონდა მცდელობა რომელიმე სახელმწიფო პროგრამაში ჩავრთულიყავით, მაგრამ ვერ მივაღწიეთ შედეგს. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფრით ჩვენ მოვამარაგებთ სასტუმროს, რადგან გვაქვს ყველა სახის პროდუქტი’’,– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ენუქიძემ.