გიორგი ოსორაული – კონგოში დატყვევებული ჩემი ძმა ცოცხალია
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები გიორგი ოსორაული 7 ივლისს, 19:00 საათზე, გმირთა მოედანზე მდუმარე აქციას აანონსებს. ოსორაული ირწმუნება, რომ მისი ძმა ცოცხალია და საზოგადოებას მოუწოდებს, ამ ფორმით კიდევ ერთხელ გამოხატონ მხარდაჭერა და სოლიდარობა კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის მიმართ.
„ჩემი ძმა სოსო ოსორაული, რომელიც ასევე მფრინავია, დღემდე კონგოში იმყოფება ტყვეობაში. ესენი სოსოს ბავშვები არიან – რატი, ეკა, ლანა ოსორაულები, რომლებიც დღემდე მამის მოლოდინში არიან. მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ყოველგვარი ტელეეთერების გარეშე, ყველანაირი პოლიტიკის გარეშე. მინდა მივმართო ჩვენს ჯარისკაცებს, ვეტერანებს, რომლებიც 90-იანებში იბრძოდნენ; მინდა მივმართო ჩვენს პოლიციელებს, ყველას ვისაც ფორმა აცვია; მინდა მივმართო მათი ოჯახის წევრებს, ვისი ახლობელი და ნათესავი საქართველოს ჯარისკაცად დაიღუპა; მივმართავ მთავრობის წევრებს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ჩვენ ყველას გვაერთიანებს საქართველო, რომელსაც ჯარისკაცი იცავს. ამიტომ გთხოვთ, 7 ივლისს, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ გმირთა მოედანზე, სანთლებით ხელში, იქ, სადაც ჩვენი გმირების გვარებია ამოტვიფრული და დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით. თუ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, არ დავუდგებით ერთმანეთს გვერდში, გმირთა მოედანს იმ გვარების გვერდით კიდევ ბევრი გვარი შეემატება. ამიტომ გთხოვთ, მოხვიდეთ თითოეული მოქმედი და მომავალი ჯარისკაცის გამო, ჩვენი მდუმარე შეკრებით ვაჩვენოთ ქვეყანას, რომ თითოეული ჯარისკაცის, საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ძვირფასია სამშობლოსთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ღვაწლის დასაფასებლად. იმის განურჩევლად, ჯარისკაცი ცოცხალია თუ დაღუპული“, – აცხადებს გიორგი ოსორაული.
5 თვეა, რაც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები 41 წლის ქართველი სამხედრო მფრინავი სოსო ოსორაული კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებების ტყვეობაში იმყოფება.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში, 27 იანვარს ორმა Ми-24 ტიპის დამრტყმელმა შვეულმფრენმა ავარია განიცადა. არსებული ინფორმაციით, ერთ–ერთ შვეულმფრენს მართავდა სოსო ოსორაული, რომელიც უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებების ტყვეობაში ჩავარდა. 24 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოსო ოსორაულის შესაძლო გარდაცვლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
მინისტრის მოადგილის, ზვიად გონაძის ინფორამციით, კონგოში მოხდა შეიარაღებული შეტაკება, რომელსაც შესაძლოა ქართველი მფრინავი ემსხვერპლა. გონაძე განმარტავს, რომ საგარეო უწყებას ოსორაულის სავარაუდო დაღუპვის შესახებ გაეროს მისიამაც მიაწოდა ინფორმაცია. knews.ge საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც knews.ge–ს საგარეო უწყებაში განუცხადეს, ამ დრომდე ახმეტელი ოსორაულის გარდაცვალება არ დასტურდება.
„მარტის თვეში ჩვენ შევხვდით როგორც კონგოსა და მეზობელი ქვეყნების მთავრობებს, ასევე M23-ის იმ შეიარაღებულ ჯგუფს, რომლის ტყვეობაშიც იმყოფებოდა სოსო ოსორაული. საგარეო უწყება მოლოდინის რეჟიმში იყო. ჩვენ ყოველდღიურად ველოდებოდით ამ ოპერაციის ჩატარებას. დაახლოებით 14 მაისს გავრცელდა ადგილზე ინფორმაცია, რომ კონგოში მოხდა შეიარაღებული შეტაკება, რომელსაც მოყვა მსხვერპლი. გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკების დროს სავარაუდოდ სოსო ოსორაულიც გარდაიცვალა. 7 ივნისს, გაეროს მისიამ გვაცნობა, რომ მრავალ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც მათ აქვთ, ნამდვილად მოხდა შეტაკება და ეს მებრძოლები დაღუპულები არიან, მათ შორის ჩვენი მებრძოლი იოსებ ოსორაული. მათ ფაქტობრივი მტკიცებულებები არ გააჩნიათ და 100%-ით მის გარდცავლებას ისინიც ვერ ადასტურებენ. ამ ეტაპზე ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და კონგოს ნთავრობასთან ვმუშაობთ, რათა სოსო ოსორაულზე მივიღოთ დაზუსტებული ინფორმაცია “, – განუცხადეს knews.ge–ს საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტროში.
5 ივნისს კი გავრცელდა ტყვეობაში მყოფი ახმეტელი მფრინავის ვიდეომიმართვა, სადაც ოსორაული აღნიშნავს, რომ ცოცხალია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიდეომასალა რამდენიმე თვის წინ გავრცელდა და უწყებამ კონგოში დატყვევებულ ოსორაულთან კავშირი 13 მაისს გაწყვიტა.
პოლკოვნიკი სოსო ოსორაული 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში, საბრძოლო მოქმედებების დროს, ერთ–ერთი აქტიური მონაწილე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, 11 აგვისტოს, ღამის ორ საათზე, ბოლო გაფრენა შეასრულა და II ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი ალყიდან დაიხსნა.