ახალი ამბები

თვითმმართველ ქალაქებში, რომლებსაც აუქმებენ, საარჩევნო ოლქები შეიქმნა

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, ოლქების შექმნის მიზეზი საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ვადებია. ცესკოს განკარგულებით, საარჩევნო ოლქები ცალ-ცალკე შეიქმნა თვითმმართველ ქალაქ თელავსა და თელავის თემის მუნიციპალიტეტშიც.
ექსპერტების ინფორმაციით, პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება ამ ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოცხადების დღეს ამოქმედდება.
,,ორი თვის განმავლობაში, სანამ პარლამენტის დადგენილება ძალაში შევა, ცესკოს ამ ოლქებში საარჩევნო კომისიების შექმნა და გარკვეული ადმინისტრაციული ხარჯების გაწევაც მოუწევს. იმ შემთხვევაშ თუ პოლიტიკური პარტია აგვისტომდე იწყებს საარჩევნო კამპანიას, სად უნდა წარადგინოს მან კანდიდატი – ქალაქში თუ თემში”, – აღნიშნავს ლევან ალაფიშვილი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ირმა პავლიაშვილი კი ამბობს, რომ, თუ რომელიმე პარტია ამ კონკრეტულ ოლქში დარეგისტრირდება, მისი გაუქმების შემთხვევაში ცესკო პასიურ საარჩევნო უფლებას შეზღუდავს. 
“საარჩევნო კოდექსი ამბობს, რომ ის პარტია, რომელსაც წარმომადგენლები არ ჰყავს პარლამენტში, უნდა დარეგისტრირდეს საარჩევნო წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე. გამოდის რომ, თეორიულად, ამ დროისთვის შეიძლება უკვე ვიღაც რეგისტრირებულო იყოს კონკრეტულ ოლქში, ან დარეგისტრირდეს და შემდგომ მისთვის ოლქის გაუქმება პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვა იქნება”, – აცხადებს ირმა პავლიაშვილი.