თვითმმართველობის არჩევნები სავარაუდოდ ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება
გიორგი მარგველაშვილი არჩევნების კონკრეტულ თარიღს ამ ეტაპზე არ ასახელებს. პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნების დანიშვნის თაობაზე აქტს აგვისტოს ბოლოს გამოსცემს. პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება “საარჩევნო კოდექსში“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს მოარგო.
პარლამენტში, მეორე მოსმენით განხილვის პროცესშია საარჩევნო კანონმდებლობაში დადგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომლის გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 60 დღეზე ადრე ვერ დაინიშნება. “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, არჩევნების დანიშვნა არჩევნებამდე მხოლოდ 60 დღით ადრეა შესაძლებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები მისი დანიშვნის დღიდან 60 დღის ვადაში უნდა გაიმართოს.
ჯერ კიდევ მოქმედი კოდექსით კი პრეზიდენტი საკრებულოს, მერისა და გამგებლების მორიგ არჩევნებს, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, ნიშნავს მათი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა, რაც იმას გულისხმობს, რომ არჩევნების დანიშვნა არჩევნებამდე 60-დღეზე ადრეც არის შესაძლებელი.
„ამის თაობაზე ვიმუშავეთ და მოვილაპარაკეთ მთავრობასთან, თუმცა აქტი ამ არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოიცემა 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს. ასეთი გადაწყვეტილება განპირობებულია თუნდაც შარშანდელი წლის გარკვეული გაუგებრობებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ არის გარკვეული საკანონმდებლო დეტალები, არის საბიუჯეტო დეტალები, რომელიც დაკავშირებულია ამ საკითხთან, მაგრამ არის მთავარი – ეს არის პარტიებისთვის გაჭვრეტადობა საარჩევნო გარემოსი და დღეს, 4 თვით ადრე მთავრობასთან ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, მათ ვაძლევ შემდეგ ინფორმაციას – 4 თვით ადრე მათ იციან მომავალი საარჩევნო კალენდარი, რაც გულისხმობს იმას, რომ დაინიშნება ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს, მაგრამ აქტი, რომლის მიხედვითაც ეს პროცესი იურიდიულად შევა ძალაში, გამოიცემა აგვისტოს ბოლოს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.