რეგიონებში ირიგაციის დარგის კომპლექსური განვითარება იგეგმება
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა 2017-2025 წლებს მოიცავს.
,,დოკუმენტი დარგის განვითარების ოთხ ძირითად მიმართულებას – მელიორაციის კომპანიის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას, ლოკალური დონის სისტემის მენეჯმენტის შექმნას, სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასა და საირიგაციო მომსახურების რეგულირებას ითვალისწინებს,” – განაცხადა მინისტრმა.
კახეთის რეგიონში ათეული წლებია რაც სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგებას ითხოვენ. მევენახეებისა და ფერმერების ინფორმაციით, ორივე სისტემა მოძველებული და ამორტიზებულია.
ადგილობრივები ჩივიან, რომ განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა სოფლებშია. ზაფხულში, გვალვის გამო, ერთწლიანი კულტურები ხმება. მევენახეების განცხადებით, საირიგაციო სისტემის ძირეული რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს, რომ წყლის დანაკარგი დიდი არ იყოს და ნაკვეთამდე მივიდეს.
,,სოფლებში სასმელი წყალი არ გვაქვს და ნაკვეთების მორწყვას ვინ ჩივის? სახლში ბოსტანშიც კი ხმება მწვანილები ზაფხულში. ჩვენ იმდენი ფული არ გვაქვს, რომ მანქანებით ან ცისტრნებით მივიტანოთ ტონობით წყალი, გინდაც ერთხელ მივიტანოთ რამდენჯერ სჭირდება მორწყვა, სად არის ამდენი ფული. სოფლის მეურნეობსი დარგი ვითარდებაო იძახიან, თუ წყალი არ აქვს ნაკვეთს, ისე აზრი არ აქვს არაფრის მოყვანას და საქმის დაწყებას. ყოველ წელს უფრო ნაკლები ადამიანი ამუშავებს მიწას, სოფელში ცხოვრებაც აზრს კარგავს. ამ სისტემების რეაბილიტაცია თუ არ დაიწყება, შრომას ფასი არ აქვს. იყოს გადასახადი საირიგიცაიო მომსახურებაზე, ოღონდ ნორმალური ფასი, რომ შევძლოთ და სოფელი სოფელს დაემსგავსოს”, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას გურჯაანში მცხოვრები ილო ბერიკაშვილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროეექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.
,,ირიგაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა უნდა იყოს თანხვედრაში სოფლის განვითარების სტრატეგიასთან. პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება”, – განმარტავენ სამინიტროში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია ევროკავშირისა (EU) და გაეროს ორი სააგენტოს – გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. სტრატეგია წარმოადგენს საქართველოს სოფლის განვითარების ახალ ხედვას, რომელიც ეყრდნობა ამ სფეროში საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას.