ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი საიტი ამოქმედდა
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა ახალი საინფორმაციო პორტალი ერთობლივად გამოაქვეყნეს.
ვებ-გვერდს ადმინისტრირებას გაუწევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. იგი შეიქმნა ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით: “მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება და DCFTA საქართველოში”.
საიტზე განთავსებულია დაწვრილებითი ინფორმაცია DCFTA-სთან დაკავშირებით. ვებგვერდი, ასევე, მოიცავს ყველა საკითხს, რაც დაკავშირებულია DCFTA-სთან და ამასთანავე, იძლევა კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობას. მასზე განთავსებულია პრაქტიკული, საკანონმდებლო და სხვა შესაფერისი ინფორმაცია მეწარმეებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შენიშვნები ან რჩევები გაუგზავნონ შესაბამის უწყებებს DCFTA-ს ფარგლებში შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებთან დაკავშირებით.