მუნიციპალიტეტები ნარჩენების მართვის 5 წლიან გეგმას მიიღებენ
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე გრიგალავას ინფორმაციით, აღნიშნული ვალდებულებები ნარჩენების მართვის კოდექსით არის გათვალისწინებული.
,,2017 წლის ბოლომდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს 2016 წლის 1 აპრილის საქართველოს მთავრობის №160 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასა“ და ,,ნარჩენების მართვის 2016-2020 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას“. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების კოდექსით დადგენილ ვადაში (2017 წლის 31 დეკემბრამდე) შემუშავებისა და მისი ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება. თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციას მივაწვდით”,– განაცხადა ეკატერინე გრიგალავამ.