ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტში ღვინის ფესტივალი ჩატარდა

ღონისძიებაში მონაწილეობდა თელავის მუნიციპალიტეტში არსებული საოჯახო ტიპის ათამდე მარანი. როგორც knews.ge–ს თესაუს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა თენგო კუკუნაშვილმა განუცხადა, ღვინის ფესტივალის მიზანი იყო აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ინფორმირება ღვინის დამზადებისა ტექნოლოგიებსა და ბაზრის მოთხოვნის შესახებ. 

„ფესტივალში მონაწილეობდა თელავის რაიონში არსებული ღვინის ათამდე მარანი. ეს გათვლილი იყო აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რათა მათ მიეღოთ ინფორმაცია როგორ მზადდება გელხური, კასრისა და ევროპული ტექნოლოოგით წარმოებული ღვინო. ფესტივალი მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვისაც, რათა მათ გაეგოთ, რა მოთხოვნა აქვთ ტურისტებს, როდესაც სტუმრობენ სოჯახო ტიპის მარნებს“, – განუცხადა knews.ge–ს თენგო კუკუნაშვილმა. 

„შაქარაშვილების მარნის“ წარმომადგენლის, გიგა შაქარაშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები საოჯახო ტიპის ღვინის მარნების განვითარებას უწყობს ხელს. 

ასეთი ფესტივალები ძალიან მნიშვნელოვანია. გამოფენებსა და ფესტივალებში მონაწილეობა ბიზნესსაქმიანობის განვითარების ერთ–ერთი მთავარი ფაქტორია. ამავე დროს ასეთი ღონისძიებები მცირე საოჯახო ტიპის მარნების ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს“, – განუცხადა knews.ge–ს გიგა შაქარაშვილმა. 

ფესტივალის ფარგლებში სტუდენტებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ზებრა გადასასვლელზე თესაუს ლოგო დახატეს.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა 2017 წლის ოქტომბერში ღვინის მასშტაბური ფესტივალის ჩატარებას გეგმავს.