ახალი ამბები

ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, განმარტებით, კევროკავშირისა და მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად კანონს დაემატა ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ქვევრის ღვინო“, „ქარვისფერი ღვინო“, „აისვაინი“, „ვაზის გენეტიკური რესურსები“ და სხვა. ოთარ დანელიას განცხადებით, მოქმედ კანონში განხორციელებული ცვლილებები დარგში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას შეუწყობს ხელს.
„მევენახეობა-მეღვინეობა სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებს შორის დღეს უკვე ერთმნიშვნელოვნადაა აღიარებული და კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოებისა და რეალიზაციისათვის. აუცილებელი გახდა ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინება და ამის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება. კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს, ქართული ღვინის ხარისხის ამაღლებას. ასევე, გამოიწვევს უცხოური ბაზრების დაინტერესებას და ჩვენს ქვეყანას მაღალხარისხიანი ღვინის მწარმოებლის რეპუტაციას შეუქმნის“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
მისივე ინფორმაციით, შინაარსობრივად დაიხვეწა (ტექნიკურად დამუშავდა) ის განმარტებები, რომლებიც კანონის ცალკეული დებულებების ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდნენ. კანონიდან ამოღებულ იქნა საკმაოდ მოძველებული ტერმინი – „ვაზის ჯიშების სტანდარტული ასორტიმენტი“ და შემოვიდა „სამრეწველოდ ნებადართული ჯიშების ჩამონათვალი“, ზონებისა და ქვეზონების მიხედვით დადგინდება „რეკომენდირებული ვაზის ჯიშების“ ჩამონათვალი. კანონში შეტანილი ცვლილებებით, ასევე, დადგინდა ვენახის კატეგორიები, ახლებურად განისაზღვრა სპირტიანი სასმელების კატეგორიები და მათი წარმოების წესი. 
 „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონი 1998 წელს არის მიღებული და მასში მნიშვნელოვანი ცვლილება 2002 წლის შემდეგ არ შესულა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, მსოფლიოს 41 ქვეყანაში საქართველოდან ექსპორტირებულია 25 მილიონამდე ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 64%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინო, რაც ასევე 58%-ით მეტია ვიდრე 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში. ექსპორტის განსაკუთრებული მატება შეინიშნება ჩინეთში, უკრაინაში, პოლონეთში, ბელარუსში, ლატვიაში, აშშ-ში, გერმანიაში, ხოლო საფრანგეთში ქართული ღვინის ექსპორტი თითქმის 5-ჯერაა გაზრდილი.