სტატიები

კისისხევში ძმები ხუციშვილები ღვინოს ორსაუკუნოვან ქვევრში აწარმოებენ

საოჯახო მარნის მფლობელი გელა ხუციშვილი ამბობს, რომ ღვინის მცირე რაოდენობით წარმოება 2015 წელს დაიწყეს, შემდეგ კი პროდუქცია ბოთლებში ჩამოასხეს და მისი გაყიდვა დაიწყეს.
,,ამ ეტაპზე ვამზადებთ სამი დასახელების ქვევრის ღვინოს: საფერავს, რქაწითელსა და ქისს. ყველაფერს ვაკეთებთ ტრადიციული წესით. ჩვენი ღვინო დადუღებული და დავარგებულია ქვევრებში, ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით. წლების განმავლობაში წინაპრების მიერ დანატოვარ ორსაუკუნოვან ქვევრში ვამზადებდით ღვინოს. შემდეგ გაგვიჩნდა ინტერესი, რომ ოჯახური ღვინის წარმოებისთვის უფრო სერიოზული სახე მიგვეცა. ავაშენეთ მარანი, რომელიც უკვე ცნობილია, როგორც “ძმები ხუციშვილების” საოჯახო მარანი. 2015 წელს რქაწითელის ყურძნის ჯიშისგან მიღებული მოსავალი ქართული ტრადიციული წესით დავადუღეთ, 2016 წელს გადავიტანეთ ბოთლში და დავარქვით ჩვენი სახელი. ჩვენი ღვინო ადგილობრივ ბაზრებზე იყიდება. მომხმარებლის დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება,’’ – განაცხადა გელა ხუციშვილმა. 
ხუციშვილებს, ასევე, აქვთ უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ავზები, სადაც ქვევრიდან ამოღებულ ღვინოს ასხავენ და სპეციალურად მოწყობილ გრილ საცავში ათავსებენ. გია ხუციშვილის განმარტებით, ეს ღვინოს იცავს გაფუჭებისგან, რადგან საცავში პროდუქტისთვუს სათანადო ტემპერატურაა შექმნილი. 
,,ღვინოს აქ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაჩერებთ და შემდეგ როცა გვჭირდება, ჩვენივე დიზაინით შექმნილ ბოთლებში ვასხავთ და ხორციელდება მისი ეტიკეტირება. ღვინის გასაყიდი ფასიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ერთი ბოთლი ღვინის ფასი 20–დან 30 ლარამდე მერყეობს’’, –განუცხადა knews.ge-ს გია ხუციშვილმა.
ღვინის წარმოების გარდა, ხუციშვლები, ასევე, ფლობენ ძველი ქართული ტრადიციული არქიტექტურით აშენებულ საოჯახო მარანსაც, რომელიც, მათი ინფორმაციით, სოფელში ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.
,,გვაქვს უძველესი მარანი, სადაც ქვევრებთან ერთად აქ მოსული სტუმარი ნახავს ძველებურ ნივთებს, დაესწრება ქვევრის გახსნის პროცესს. ტურისტებს, ასევე, შეეძლებათ ქართული ტრადიციული კერძების და ღვინის დაგემოვნება’’,– განაცხადა გია ხუციშილმა.