ახალი ამბები

თვითმმართველი ქალაქის გაუქმების საკითხზე არასამთავრობოებთან კონსულტაციები გაიმართება

საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის ინფორმაციით, ისინი შეხვედრას 2 თვეა ითხოვენ.

,,მთავრობამ ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები. ჩვენი მცდელობის მიუხედავად მათი მხრიდან დიალოგისა და კონსულტაციების გამართვის სურვილი არ დაფიქსირებულა. კანონმდებლობის მიხედვით კი, ამ პროცესებს წინ უნდა უსწრებდეს საჯარო განხილვები, რაშიც უნდა იყოს მოსახლეობა ჩართული“, – განუცხადა knews.ge-ს მგალობლიშვილმა. 

თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას უკან გადადგმულ ნაბიჯიად აფასებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელი მაია ფურცხვანიძეც.

,,ვთვლით, რომ ეს არის დემოკრატიის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლები იყვნენ ანგარიშვალდებულები მოსახლეობასთან. წარმოუდგენელია, რომ დემოკრატიისაკენ გადადგმული ეს კონკრეტული ნაბიჯი შეიცვალოს რეგრესულით”, – აღნიშნავს knews.ge-სთან ფურცხვანიძე.

თელავის დემოკრატიული სკოლის ხელმძღვანელი ნიკოლოზ შარვაშიძე მოსალოდნელ ცვლილებებს თვითმართველობის რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევად აფასებს.