დედოფლისწყაროს გამგეობამ 5 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა
როგორც knews.ge-ს გამგეობაში განუცხადეს, 5 ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც აღნიშნულ პოზიციაზე მყოფმა პირებმა დაკავებული თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. უწყების ინფორმაციით, კონკურსის ერთ–ერთი აუცილებელი მოთხოვნა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ქონაა.
,,გამგეობამ ვაკანსია შემდეგ პოზიციებზე გამოაცხადა: ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი არქმშენინსპექციის საკითხებში, საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ სამთაწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში, ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურეობის და საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურებთან კოორდინაციის საკითხებში და სპეციალისტი სოფელ ხორნაბუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში”, – განუცხადეს Knews.ge–ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) 31 მაისამდე შეეძლებათ.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად, რომელიც საბუთების გადარჩევას, ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს. საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ტესტები შედგება 60 კითხვისგან, რომელიც მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ზოგად უნარებს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ინფორმაციით, კონკურსანტებმა მესამე ეტაპზე გადასასვლელად 51%-იანი ზღვარი უნდა გადალახონ.