სტატიები

კახეთის ენერგოდისტრიბუციას სავარაუდოდ ენერო პრო შეისყიდის

კახეთის ენერგოდისტრიბუციაში კომპანიის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა ამბობენ, რომ ის აუქციონზე გასაყიდად გავა. 
„მიმდინარე წლის ბოლომდფე ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გამოაცხადოს აუქციონი. ნამდვილად არ ვფლობთ ინფორმაციას ვინ იყიდის კომპანიას. წინასწარ ვერც გვეცოდინება „კახეთის ენეროდისტრიბუციის“ მომავალი მფლობელის ვინაობა“, – განუცხადა knews.ge-ს „კახეთის ენეროდისტრიბუციის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ. 
ენერგო პრო ჯორჯიაში კი მიუთითებენ, რომ კახეთის ენერგოდისტრიბუციის ყიდვის შესახებ გადაწვეტილებას კომპანიის აუქციონზე გასვლის შემდეგ მიიღებენ. 
„ყოველი წლის ამ დროს აქტიურად საუბრობენ, რომ ენერგო პრო კახეთის ენერგოდისტრიბუციას ყიდულობს. ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ჩვენ ვართ ენერგო კომპანია და რა თქმა უნდა ყიდვის ინტერესი გვაქვს, მაგრამ მთავარია რა იქნება აუქციონის პირობები. ჩვენ დაველოდებით კომპანიის აუქციონზე გაყიდვას“, – განუცხადა knews.ge-ს ენერგო პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ავთანდილ დვალიშვილმა. 
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიკა ვალიშვილი განმარტავს, რომ მთავრობა კახეთის ენერგომომარაგებაში არსებული პრობლემების მოგვარებას გამანაწილებელი კომპანიის კიდევ ერთხელ გასხვისებით გეგმავს. მისივე მტკიცებით, წლის ბოლოდან კომპანიაში აქტიური საინვესტიციო პოლიტიკა განხორციელდება.
„ჩვენ სახელმწიფოს კომპანიის კერძო მფლობელობაში გადასვლის სურვილი გვაქვს, რადგანაც ეს პრაქტიკა განსაკუთრებით გამანაწილებელ კომპანიებში კარგად მუშაობს”, – აღნიშნა მარიკა ვალიშვილმა.
„ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ კახეთის ენერგოდისტრიბიციის შესაძლო შესყიდვის შესახებ ინფორმაცია კომპანია “რედიქსის” ხელმძღვანელმა ლაშა პაპაშვილმა ჯერ კიდევ 2015 წლის 11 მარტს გაავრცელა. ბიზნესმენი ამბობდა, რომ მთავრობამ ელექტროენერგიის გამანაწილებელი ენერგოობიეტების პრივატიზაციისას შეცდომა აღარ უნდა დაუშვას და ამ ბაზარზე კონკურენცია გაზარდოს. 
“ძალიან მნიშვნელოვანია ენერგომატარებლების კომპონენტი ბიზნესისთვის. იყო საუბარი კახეთის ენერგოსადისტრიბუციო კომპანიის პრივატიზაციაზე. კახეთის ენერგოკომპანიაზე მივიღეთ პასუხი, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უკვე ინტერესი გამოხატული აქვს “ენერგოპროს”. ეს კომპანია უმსხვილესია რეგიონებში ელექტროენრგიის დისტრიბუციით. მაგრამ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ამ ბაზარზე კონკურენტები დავინახოთ. ძალიან ბევრ ინვესტიციას მოითხოვს ქვეყანაში მთლიანი ქსელის რეაბილიტაცია. კიდევ კახეთის დამატება, როცა ამდენი ინვესტიაციაა გასაკეთებელი? კარგია, შეცდომები აღარ დაუშვან “ენერგო-პროსთან” და ინვესტიციების განხორციელება მოვთხოვოთ”, – აცხადებდა ლაშა პაპაშვილი. 
“კახეთის ენერგოდისტრიბუცია” რეგიონს ელეტქროენერგიით ამარაგებს და ამჟამად 117 058 აბონენტს ემსახურება. 2008 წლის დეკემბრის ბოლოს ს/ს,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია” აუქციონზე 6 მილიონ 100 ათას დოლარად შეიძინა ლიტვურმა კონცერნმა ,,ახემა-გრუპმა”, რომელსაც აუქციონის პირობების თანახმად, რეგიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის 15 მილიონი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ,,ახემა-გრუპის” მფლობელობის ქვეშ კომპანია კვლავ გაკოტრების რეჟიმში აღმოჩნდა. “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” მიმართ გაკოტრების საქმე 2011 წლის 5 აგვისტოს გაიხსნა.
“ენერგო პრო ჯორჯია” კი ელექტროენერგიას ანაწილებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში და 971 000 აბონენტს ემსახურება. ამასთანავე, კომპანია საქართველოში ფლობს 15-მდე ჰესს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 470 მეგავატამდეა.
2006 წლის 31 ივლისს კომპანია 100 ათასლარიანი საწესდებო კაპიტალით დარეგისტრირდა. დღეს “ენერგო პრო ჯორჯია” საქართველოს ენერგოდისტრიბუციის ბაზრის 61%-ის და ელექტროენერგიის გენერეციის ბაზრის 17%-ის მფლობელია.