სტატიები

თვითმმართველობის ცენტრალიზაცია – ნაბიჯი უკან

საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის ინფორმაციით, მთავრობის დაპირების მიუხედავად, რომ ამ ეტაპზე საკითხი არ უნდა განხილულიყო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14 მუნიციპალიტეტს წერილები გაუგზავნა და თვითმმართველი ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცედურების დაწყება მოსთხოვა.

,,დოკუმენტი მოიცავს თუ რატომ უნდა გუქმდეს ადგილობრივი თვითმმართველობის სტატუსი. ეს წერილი ფაქტობრივად ავალდებულებს საკრებულოს, რომ მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით, საკრებულომ უნდა მიიღოს ამასთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრება ოქმის სახით და გადაუგზავნოს სამთავრობო კომისიას, რომელიც შექმნილია სპეციალურად აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად. მთავრობამ ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენი მცდელობის მიუხედავად მათი მხრიდან დიალოგისა და კონსულტაციების გამართვის სურვილი არ დაფიქსირებულა. კანონმდებლობის მიხედვით კი, ამას წინ უნდა უსწრებდეს საჯარო განხილვები, რაშიც უნდა იყოს მოსახლეობა ჩართული. ჩვენ შევიმუშავეთ მიმართვა საკრებულოს სახელზე, მოვაწერთ ხელს და გავუგზავნით უწყებას, რათა მიიღოს გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით“, – განუცხადა knews.ge-ს მგალობლიშვილმა. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მთავრობის მხრიდან გამორიცხავენ თვითმმართველი ქალაქ თელავისა და მუნიციპალური თემის გაერთიანების ინიციატივის მხარდამჭერის მიზნით გარკვეულ ზეწოლას. თელავის თემის თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი ამბობს, რომ წარმომადგენლობითმა ორგანომ რეგიონული განვითარების სამინისტროს უნდა მიაწოდოს დეპუტატების მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
,,რამდენიმე თვეა ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა. მინიმუმადე უნდა დავიდეს სახელმწიფო მოხელეთა რაოდენობა და განხორციელდეს ოპტიმიზაცია. რაც ყველაზე მნიშნელოვანია, ის თანხები, რასაც ხარჯავს ქალაქი და თემი, არ შემცირდება. მეორე საკითხია – დეცენტრალიზაცია, რასაც ევროპის ქარტიაც მოითხოვს და მესამე შეეხება არჩევით თანამდებობებს. სოფლების შემთხვევაში უკვე შევჯერდით, რომ შეიქმნება 10-15 კაციანი საბჭოები, რომელიც აირჩევს სოფლის ხელმძღვანელს. მათი მეშვეობით კი მოგვარდება სოფელში არსებული პრობლემები. ქალაქში კი, არჩეული მერი ვერ დანიშნავს თანამდებობის პირებს საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე. ვარაოდობენ, რომ რესურსების ოპტიმიზაციის შედეგად 40 მილიონი უნდა დაიზოგოს, შედეგად მიღებული თანხები კი გაიხარჯება ინფრანსტრუქტურულ პროექტებზე. რაც შეეხება, მოსახლეობას, ისინი არ ზარალდებიან, მატულობს თანხა და მინიმუმდე იქნება დაყვანილი სახელმწიფო მოხელეთა რაოდენობა. რაც შეეხება საჯარო განხილვებს, ჩვენი წერილობითი მოსაზრების შემდეგ, მოხდება საკითხის გატანა და განხილვა“, – აღნიშნავს knews.ge-სთან გიორგობიანი.

თელავის დემოკრატიული სკოლის ხელმძღვანელი მოსალოდნელ ცვლილებებს თვითმართველობის რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევად აფასებს. ნიკოლოზ შარვაშიძე knews.ge-სთან ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების თავიდან ასაცილებლად ყველა სამართლებრივ ფორმას მიმართავენ. 
,,დღეს მივმართავთ ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოებს, რათა არ მიიღონ ეს გადაწყვეტილება და არ გამოუტანონ განაჩენი ქვეყნის დემოკრატიას. ეს არის სამართლებრივად არასწორი ფორმა, რასაც მათ ინფრასტრუქტურის სამინისტრო სთავაზობს. საკრებულოებს აქვთ კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც გამომდინარეობს ქალაქებისა და სოფლების განვითარებიდან“, – აცხადებს შარვაშიძე.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელი მაია ფურცხვანიძე თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას უკან გადადგმულ ნაბიჯიად აფასებს.
,,არ უნდა გაუქმდეს თვითმმართველი ქალაქ თელავის სტატუსი. ვთვლით, რომ ეს არის დემოკრატიის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლები იყვნენ ანგარიშვალდებულები მოსახლეობასთან. წარმოუდგენელია, რომ დემოკრატიისაკენ გადადგმული ეს კონკრეტული ნაბიჯი შეიცვალოს რეგრესულით. ბოლო 2 თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია ამ საკითხზე, მაგრამ სამინისტროს წარმომადგენლები არცერთ დისკუსიაში არ ჩართულან, არ მიუღიათ მონაწილეობა. არგუმენტები იყო მხოლოდ იმ ადამიანების სასარგებლოდ, ვინც იცავდა თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის თემას. ვფიქრობ, საკრებულოებმა არ უნდა დაუშვან და არ უნდა მოაწერონ ხელი ისეთ დოკუმენტს, რომელიც იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი როგორც დემოკრატიის თვალსაზრისით, ასევე მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის, რაც გამოიწვევს მოქალაქეების მიმართ ანგარიშვალდებულებების შემცირებას“, – განმარტავს knews.ge-სთან ფურცხვანიძე.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საკუთარ მიმართვაში ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი თემის საკრებულოებს ახსენებენ, რომ დღემდე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ემართათ საკუთარი ბიუჯეტი და განეხორციელებინათ ის პროექტები, რაც ფართო საზოგადოების მხრიდან იყო ინიცირებული.
,,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყველაზე უკეთ იცით, თუ რა შედეგი მოიტანა 2014 წელს თვითმმართველობის რეფორმის შედეგად სათემო მუნიციპალტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების გაყოფამ. ამ პროცესმა შესაძლებლობა მოგცათ, გქონოდათ საკუთარი ბიუჯეტი, ბევრად უფრო სწორად დაგეგმათ და განეხორციელებინათ ის პროექტები, რომლებიც აქტუალური იყო როგორც ქალაქების, ისე სოფლების მაცხოვრებლებისათვის, გაგეზარდათ საქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლები, უფრო მეტად შესაძლებელი გაგეხადათ მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვაში.