მიწის უპირობოდ გასხვისებასთან დაკავშირებით ხელმოწერები გროვდება
პეტიციაში წერია, რომროდესაც არ გვაქვს მიწის კოდექსი და აღურიცხავია მიწის ფონდი, მიწა აღიარებულია როგორც შეუცვლელი, გაუმრავლებელი და ამოწურვადი (შეზღუდული) რესურსი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან გონივრულ და სწორ მართვას საჭიროებს – მიწის უცხო ქვეყნის იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე უპირობოდ გასხვისება, გაუმართლებელი და მიუღებელია.
არასამთავრობო სექტორი სახელმწიფო მიწების პრივატიზების საფუძველსა და კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს.
,,ჩვენ მიერ შესწავლილი დოკუმენტების საფუძველზე ეჭვის ქვეშ დადგა მიწების პრივატიზების საფუძვლის კანონიერება. მოვითხოვთ ჩვენ მიერ მოძიებული დოკუმენტების კანონიერების შესწავლას, რითიც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენს მიწას სჭირდება დაცვა და გადარჩენა, რათა მომავალი თაობა არ დარჩეს მიწის გარეშე. ქართული მიწის დაცვისა და გადარჩენისათვის ბრძოლაში ვისაც სურვილი აქვს შეუძლია შემოგვიერთდეს,’’– განაცხადა პეტიციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ირინე ფხოველიშვილმა.
პარლამენტის თაცჯდომარეს ინფორმაციით, ამიერიდან მიწის გაყიდვა რეგლამენტირებული იქნება, თუმცა არ აიკრძალება.
,,ავირჩიეთ შუალედური მიდგომა და დღეს კონსტიტუცია აცხადებს, რომ მიწა არის განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი და ეს საკითხები მოწესრიგებული უნდა იყოს ორგანული კანონით. კონსტიტუციაში ჩნდება ახალი ნორმა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ სათანადოდ მოხდეს ამ საკითხის რეგლამენტაცია უკვე ორგანული კანონით და უფრო მეტიც, უკვე მზადდება შესაბამისი კანონპროექტი, რომლითაც სათანადოდ იქნება მოწესრიგებული ეს საკითხი. დაცული იქნება, ერთი მხრივ, ეკონომიკური ინეტერესები და, მეორე მხრივ, საერთო ეროვნული, სუვერენული ინეტრესები. ეს იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი კონსიტუტუციის ახალი რედაქციითა და იმ კანონით, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება მიღებული პარლამენტის მიერ,” – განმარტავს ირაკლი კობახიძე.
პრემიერ მინისტრის მრჩეველი სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში დავით კირვალიძე ფიქრობს, რომ სანამ კონსტიტუციაში უცხოელებზე მიწის მიყიდვის შესახებ ჩანაწერი შევა, მიწის შესახებ კანონი უნდა იყოს ნათლად და მკაცრად რეგულირებული.
,,შეიძლება ისეთ ტერიტორიებზე ვისაუბროთ, რომ პირიქით გვჭირდებოდეს ინვესტორის მოყვანა. ეს საკითხი დეტალურად არის განსახილველი. გაყიდულს მერე უკან ვეღარ დაიბრუნებ. თამაშის წესები უნდა იყოს ნათელი და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ძალიან მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, ვინ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. ხელაღებით არ შეიძლება არაფრის არც აღკვეთა და არც გადაწყვეტა”, – აცხადებს კირვალიძე.
სასოფლო-სამეურნო მიწების გასხვისებაზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ კახელი ფერმერები. ბონდო ლაზიშვილის განცხადებით, სოფლებში მიწა, რომელიც საძოვრებად გამოიყენებოდა, სადავოა.
,,საძოვრები რომ გაგვიხდება სადავო, გლეხმა რა ქნას, სად წაიყვანოს საბალახოთ საქონელი, აღარც მეცხოველეობას მივდიოთ და არც მიწა დავამუშავოთ? უამრავი ოჯახისთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა”, – აცხადებს knews.ge-სთან ლაზიშვილი.
ბოლო აღრიცხვის მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 3 718 200 ადამიანს, აქედან 1 400 000 (თითქმის 80%) დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში.