თუშეთში ტურისტული სეზონი დაგვიანებით გაიხსნება
მიზეზი კი ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 55-ე კილომეტრში ჩამოწოლილი მეწყერია, რომელმაც მდინარე ალაზანი დაახლოებით 300 მეტრზე დააგუბა. მეწყერულ მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია. თუშეთში წელს ტურისტული სეზონი დაგვიანებით გაიხსნება, რის გამოც სასტუმროებმა მიღებული შეკვეთები გააუქმეს. სოფელ ომალოში მდებარე სასტუმრო „წასნე“ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ტურისტებს ვერ მიიღებს. იმის გამო რომ საავტომობილო მოძრაობა დაახლოებით 10 ივნისამდე ვერ აღდგება, სასტუმროს მეპატრონე ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრად შემცირდებაზე შიშობს და ტურისტული სეზონის ჩავარდნას არ გამორიცხავს.
„მაისის ბოლოს რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყვნენ რუსები. სასტუმროში ადგილები ივნისის დასაწყისშიც იყო დაჯავშნული, მაგრამ შეკვეთები გავაუქმე. არ ვიცით მოძრაობა როდის აღდგება. ამბობენ, რომ 10 ივნისამდე გზა არ გაიხსნება. ამის გამო სეზონი გვიან დაიწყება. ეს შეამცირებს ჩვენს შემოსავალს, რადგან ტურისტების რაოდენობა შემცირდება და სეზონი ისედაც სამი თვეც კი არ გაგრძელდება. არც ის არის გამორიცხული, რომ სეზონი ჩავარდეს“, – განუცახადა knews.ge-ს მურადი იჭირაულმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ თუშეთთან დამაკავშირებელი გზის 55-ე კილომეტრში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც მდინარე ალაზნის დიდ ტერიტორიაზე დაგუბება გამოიწვია. ბექა ბაიდაური ამ ეტაპზე გზის გახსნის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს. გამგებელი ამბობს, რომ მეწყერულ ზონამდე გზის გაწმენდითი სამუშაოები გასულ წლებთან შედარებით სერიოზული შეფერხებით მიმდინარეობს.
„თუშეტის გზის 55-ე კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ალაზანი დააგუბა. დაახლოებით 300 მეტრზე გზა აღარ არსებობს და ეს მონაკვეთი წყლით არის დაფარული. ვერ გეტყვით როდის გაიხსნება გზა. თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდაზე ტენდერი გამოაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომი გზა ივნისის დასაწყისში გაიხსნება, მაგრამ ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ. გზის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია, მაგრამ ეს პროცესი გასულ წლებთან შედარებით გაცილებით ნელა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ მეწყერულ მონაკვეთზე წყლის დონის დაწევის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიება უნდა გატარდეს“, – განუცხადა knews.ge-ს ბექა ბაიდაურმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ფიქრობენ, რომ მეწყერულ მონაკვეთზე წყლის დონის დაწევისთვის მთის აფეთქება გარდაუვალია. უწყებაში სეზონის ჩავარდნას გამორიცხავენ.
„იმისათვის, რომ თუშეთის გზის 55-ე კილომეტრზე გზის გახსნის სამუშაოები დავიწოთ საჭიროა რომ წყლის დონე დაიწიოს. ჩვენ სავარაუდოდ გამოვიყენებთ ასაფეთქებელ მოწობილობას და მთას ავაფეთქებთ, რათა წყლის დონე დავწიოთ. რაც შეეხება სეზონის ჩავარდნას, ეს საფრთხე არ არსებობს“.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დაახლოებით სამ კვირაში გაიხსნება. თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გერალი“ ახორციელებს. საგზაო სამუშაოებზე სამი წლის განმავლობაში 1 236 791 ლარი დაიხარჯება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თუშეთის გზის შეკეთების სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან 2016 წელს 5 000 ლარი დაიხარჯა; 2017 წელს 410 000 ლარია გათავალისწინებული, 2018 წელს 410 000 ლარი გამოიყოფა, ხოლო 2019 წელს – 411 791 ლარი.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის შეკეთების სამუშაოებს შპს “თუშეთის გზა” ახორციელებდა. თუშეთის გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს 6 თვის განმავლობაში იკეტება. საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზეა გაჭრილი და ის ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.