გომბორის უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობა იგეგმება
„გვირაბის მშენებლობის კონკრეტული პროექტი არ არსებობს, თუმცა მთავრობამ უკვე დაიწყო წინასაპროექტო სამუშაოები. ამ პროცესის დასრულების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ გვირაბის გაყვანის მეთოდზე, ხარჯთაღრიცხვასა და სხვა საკითხებზე. რაც შეეხება მარშრუტს, ვვარაუდობთ, რომ ერთ-ერთი ლოკაცია იქნება თურდოს ხეობისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი უჯარმიდან სასადილომდე არსებული ტერიტორიები. ეს საკითხი რა თქმა უნდა ვარაუდია და შესაძლებელია შეიცვალოს. დაზუსტებული ინფორმაცია გავრცელდება საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ“, – განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.
გუბერნატორის ინფორმაციით, რეგიონის ტურისტული განვითარებისთვის სპეციალურ კონცეფციაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, მთავრობა კახეთში ჩქაროსნული რკინიგზისა და აეროპორტის განვითარების საკითხებსაც განიხილავს.
,,ჩქაროსნულ რკინიგზის კომპლექსური საკითხი დამუშავების ფაზაშია. განიხილება თელავის აეროპორტის შესაძლებლობების გაზრდაც, რაც ჩარტერული რეისების მიღებას გულისხმობს, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული არ არის. თელავის აეროპორტი საავიაციო უნივერსიტეტთან არსებული აეროპორტია, სადაც მცირე მოცულობის თვითმფრინავების მიღების საშუალება არის. იქ ამჟამად სასწავლო ტიპის თვითმფრინავები არიან და ფრენებს ასრულებენ. თუმცა, აქ საუბარია სარეაბილიტაციო პროგრამაზე, რომელიც საერთაშორისო მაღალი კლასი თვითმფრინავების მიღების საშუალებას მოგვცემს”, – აღმნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე განცხადებით, კახეთში დაგეგმილია ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობაც.