კახეთის ენერგოდისტრიბუცია აუქციონზე გასაყიდად გავა
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიკა ვალიშვილის ინფორმაციით, მთავრობა კახეთის ენერგომომარაგებაში არსებული პრობლემების მოგვარებას გამანაწილებელი კომპანიის კიდევ ერთხელ გასხვისებით გეგმავს. მისივე განცხადებით, წლის ბოლოდან კომპანიაში აქტიური საინვესტიციო პოლიტიკა განხორციელდება.
„ჩვენ სახელმწიფოს კომპანიის კერძო მფლობელობაში გადასვლის სურვილი გვაქვს, რადგანაც ეს პრაქტიკა განსაკუთრებით გამანაწილებელ კომპანიებში კარგად მუშაობს”, – განაცხადა „ბიზნესკონტაქტთან” მარიკა ვალიშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე კახეთის ენერგოდისტრიბუციაში აცხადებენ, რომ 2013 წლიდან 2016 წლამდე ავარიული გათიშვები 2900-დან 1000 ერთეულამდე შემცირდა. საოპერაციო თანხების სიმწირის მიუხედავად, რომელიც წლიურად დაახლოებით 3 მილიონია, კომპანია გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს მეტ-ნაკლებად უმკლავდება.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის დეკემბრის ბოლოს ს/ს,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია” აუქციონზე 6 მილიონ 100 ათას დოლარად შეიძინა ლიტვურმა კონცერნმა ,,ახემა-გრუპმა”, რომელსაც აუქციონის პირობების თანახმად, რეგიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის 15 მილიონი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ,,ახემა-გრუპის” მფლობელობის ქვეშ კომპანია კვლავ გაკოტრების რეჟიმში აღმოჩნდა. “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” მიმართ გაკოტრების საქმე 2011 წლის 5 აგვისტოს გაიხსნა.