სტატიები

კახეთში ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზრდება

ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა ზაფხულიდან გაძვირდეს. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაზე მიზნობრივი სუბსიდირების განხორციელებას აანონსებს.
,,ტარიფის გადახედვის მოთხოვნით ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა მიმართეს. კომისიამ ყველა აბონენტისთვის ერთიანი ტარიფი უნდა დაადგინოს. ინფორმაცია არ გვაქვს, რამდენით გაიზრდება გაზის სამომხმარებლო ტარიფი ამ ეტაპზე. არ არის გამორიცხული, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი გაძვირდეს, თუ რამდენით, როგორ, ამაზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს და გვეცოდინება. შეიძლება გაძვირდეს, ამიტომ დაველოდოთ”, – განაცხადა მინისტრმა.
ცვლილება მას შემდეგ მოხდება, რაც გაზის ტარიფები სემეკის სრულ რეგულაციაში დაბრუნდება. საყოფაცხოვრებო სექტორში გაზის ტარიფების სრულ რეგულირებაში დაბრუნების საკითხი განიხილება. ენერგეტიკოსების ნაწილი ეთანხმება სემეკის მოსაზრებას დერეგულაციის გაუქმების თაობაზე. რეზო არველაძის განცხადებით, მთავრობის მხრიდან გაზის ღირევულების განსაზღვრა გონივრული გადაწყვეტილება იქნება.
,,ტარიფში მცირეოდენი ცვლილებაც კი, თუ ის გაძვირებისკენაა მიმართული, უარყოფით განწყობას იწვევს მომხმარებელში. ცხადია, ეს არ არის სასიამოვნო, მით უმეტეს, როდესაც ქვეყანაში სოციალური ფონი ისედაც მძიმეა. უნდა ვივარაუდოთ, რომ შეიცვლება გადასახადი ძველი აბონენტებისთვის და დიდი ალბათობით გაიზრდება”, – აცხადებს არველაძე.
ის ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ უპირველეს ყოვლისა უნდა განისაზღვროს სუბსიდირების პროგრამით სარგებლობის კრიტერიუმები.
,,საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჭირვებულია, მაგრამ სუბსიდირების მასშტაბები იმის მიხედვით უნდა განისაზღვროს, თუ რა შესაძლებლობა აქვს სახელმწიფოს. გაჭირვებულ ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ დახმარება, მთავარია, რამდენად ქმედით მექანიზმს შევიმუშავებთ. რასაკვირველია, ეს არ უნდა იყოს საყოველთაო სუბსიდია”, – განმარტავს არველაძე.
2016 წლის 1 აპრილიდან ,,ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიამ’’ თელავში ბუნებრივი აირის საფასური 11 თეთრით უკვე გააძვირა. ქალაქ თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 7 000-მდე აბონენტი ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე 59 თეთრს იხდის.
,,კომპანია იძენს გაზს დოლარებში დაფიქსირებული ფასით და ლარის კურსის გაუარესების გამო მისი მიწოდება მომხმარებლებზე გვიწევს შესაძენ ფასზე ნაკლებ ფასში, რაც პირდაპირ გვაზარალებს”,- აცხადებდა ჯერ კიდევ გასულ წელს Knews.ge-კომპანია „ვისოლის“ გაზის დისტრიბუციის თელავის სერვისცენტრის დირექტორი დავით ჯირმიზაშვილი.
მოსახლეობა შიშობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ბუნებრივ აირის ტარიფი კიდევ გაიზრდება, ისინი გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ.
,,ერთი წელიც არ არის გასული რაც 11 თეთრით გააძვირეს გაზის ტარიფი. გუშინ მოვისმინეთ, რომ კიდევ აპირებენ სამომხმარებლო ტარიფის გაძვირებას. ისედაც მძიმეა სოციალური ფონი რეგიონში და მოსახლეობა შეძლებს თუ არა გადახდას, რატომ არ ფიქრობს მთავრობა ამაზე?”, – განუცხადა knews.ge–ს ქალაქ ტელავში მცხოვრებმა თინა მახარობლიშვილმა.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბუნებრივიო აირის ტარიფის გაზრდა გარდაუვალია. გაზის ყოველთვიური გადასახადის შესაძლო გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ მაისში უნდა მიიღოს, თუმცა უწყებაში წინასწარ საკითხის კომენტირებისაგან თავს იკავებენ. ივლისიდან შესაძლოა, ყველა აბონენტს გაზის გაზრდილი საფასურის გადახდა მოუწიოს.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი თეთრით მოიმატებს ბუნებრივი აირის გადასახადი.