აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნეს
მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით, იუსტიციის ყოფილ მინისტრს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. „ამინისტიის შესახებ“ კანონის თანახმად, მას სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ 1 წლით და 6 თვით პატიმრობა განესაზღვრა.
შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს კი მოსამართლემ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა „ამნისტიის შესახებ“ კანონით, სასჯელის ვადა მასაც შეუმცირდა და საბოლოოდ 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.
აღსანიშნავია, რომ აკურის ღვინის ქარხანაზე გამოტანილი განაჩენი იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეებიდან პირველია, რომელზეც ადეიშვილი გამტყუნდა. იუსტიციის ყოფილი მინისტრის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას არ ადასტურებდა.
,,რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია, მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ამ დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად, აღდგენილი იქნა დაზარალებულთა დარღვეული უფლებები. პროკურატურის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთობლივი მოქმედების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს დაუბრუნდათ უკანონოდ ჩამორთმეული თელავში მდებარე “აკურის” ღვინის ქარხანა”, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.