კინოგანათლების პოპულარიზაციისთვის პანკისში ფილმის ჩვენება გაიმართება
პროექტის ფარგლებში დღეს, 12:00 საათზე, ახმეტაში და 15:00 საათზე პანკისის ხეობაში გიორგი ოვაშვილის ფილმის „გაღმა ნაპირი“ ჩვენებები გაიმართება.
როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, „კინო სკოლაში” კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
უწყების ინფორმაციით, პროექტი მეოთხე წელია მიმდინარეობს და ყოველ სეზონზე სიახლეს სთავაზობს კინოსკოლელებს. მათივე ცნობით, წელს „კინო სკოლაში“ აქტიურად ითანამშრომლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „თავისუფალი გაკვეთილების“ პროგრამასთან, რომლის ფარგლებშიც, კინოჩვენებებსა და დისკუსიებს კინოსპეციალისტებთან ერთად სკოლის პედაგოგებიც ჩაატარებენ.
„პროექტში „კინო სკოლაში“ ჩართული კინოსპეციალისტები კოორდინაციას გაუწევენ და დაეხმარებიან სკოლის პედაგოგებს აიმაღლონ კვალიფიკაცია, რათა პროექტის დასრულების შემდეგ სკოლებში გაჩნდეს კომპეტენტური კადრები, რომლებიც დამოუკიდებლად გააგრძელებენ საქმიანობას, ჩამოაყალიბებენ კინო-კლუბებსა და იზრუნებენ მოზარდების კულტურულ განვითარებაზე. ამჟამად, პროექტში ჩართულია 217 სკოლა და საქართველოს ყველა რეგიონი, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლები“, – განაცხადეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრში.