კახეთში მეწარმეებს საკვების თანამედროვე შემრევი დანადგარები გადაეცა
როგორც knews.ge–ს „მომავლის ფერმერის“ თავჯდომარემ, რუსუდან გიგაშვილმა განუცხადა, ახალი ინფრასტურუქტურის გამოყენებით მიქელაშვილი ფერმერებს კვირაში დაახლოებით 22 ტონა გაუმჯობესებულ საკვებს მიაწვდის, ხოლო ჯანიაშვილი კი – 3 ტონა საკვებს.
მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია მეწარმეებისთვის საკვების წარმოებისთვის ტექნიკური დახმარება და ტრენინგები.
,,ჩვენი მიზანია, რომ იმ დონეზე განვითარდნენ საკვების მწარმოებლები ან თუნდაც ის ფერმერები, რომლებიც მარცვალს აწარმოებენ, რომ თვითონვე დაამზადონ კომბინირებული და ხარისხიანი საკვები. პროექტი შარშან დავიწყეთ, ახლა დაგეგმილია მის ფარგლებში გაცილებით მეტი ფერმერისა და მეწარმისთვის ამ ტიპის დანადგარების გადაცემა. ზოგი ისეთი საწარმოა, რომელიც უბრალოდ ფერმერებისგან იღებს მარცვლეულს, შემდეგ იღერღება და ფერმერს უკან მიეწოდება, მაგრამ ისინი ვერ აკეთებენ ამ ყველაფრის სწორ დაბალანსებას, რადგან პირუტყვისთვის საკვების არასწორად გადანაწილება აისახება ფერმერის ჯიბეზე“, – განუცხადა knews.ge–ს რუსუდან გიგაშვილმა.
მისივე თქმით, 2017 წლის განმავლობაში აღნიშნულ საწარმოებში საკვები ლაბორატორიულად უფასოდ შემოწმდება 6 აუცილებელ კომპონენტზე: ნაცარი, ტენიანობა, პროტეინი, უჯრედანა, ცხიმი და მიკრობიოლოგიური დაბინძურება.
„ჩვენ გვინდა მივეხმაროთ ფერმერებს, რომ ბრენდირებულ საკვებზე იმუშავონ, ადგილზე გადაურიონ საკვებს ის ელემენტები და ვიტამინები, რომელიც სჭირდება მესაქონლობას, მეღორეობას თუ სხვა მიმართულებას და ფერმერს ბრენდირებული სახით გაატანონ ეტიკეტირებული საკვები. ეტიკეტი უნდა ითვალისწინებდეს საკვების ლაბორატორიული ხარისხის კონტროლს, ანუ ზედ უნდა ეწეროს რამდენი პროტეინია, ცილაა და ცხიმია, რა რაოდენობის ნახშირწყლებს შეიცავს და სხვა. ამის შემდეგ ფერმერს უკვე ეცოდინება მის საკვებში რა დოზით აქვს გადარეული თითოეული დანამატი. რეცეპტს ჩვენი სპეციალისტები და მეცნიერები დაამზადებენ, რომ სწორად მიღებული საკვების პარალელურად გაიზარდოს წველადობა და პირუტყვის პროდუქტიულობა. საკვების მწარმოებლები სპეციალური კონტეინერით გამოგვიგზავნიან საკვების ნიმუშს, შევუმოწმებთ, მივცემთ შენიშვნებს და ეტიკეტსაც დავუმზადებთ. ერთი წლის შემდეგ კი თვითონ უნდა დაინახონ, რა ტიპის ბიზნესზე გადავიდნენ, რომ აწარმოონ ევროპული სტანდარტების საკვები და ფერმერები მიაჩვიონ ამ მიდგომებს. მზა საკვები გაიყიდება ვეტერინარულ აფთიაქებშიც’’, – აღნიშნა გიგაშვილმა.