სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრების მონიტორინგი დაიწყო
,,მომხმარებელთა ინტერესების და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სააგენტო ასევე აქტიურად ამოწმებს, რამდენად სრულდება ხორცის და რძის ნაწარმის ეტიკეტირების მოთხოვნები აგრარულ ბაზრებში“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.
მისივე თქმით, სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ბიზნესოპერატორების დოკუმენტური შემოწმება განახორციელეს და ხორცის და რძის ნაწარმის სავალდებულო ეტიკეტირებაზე გაამახვილეს ყურადღება.
„საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი“ 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ეტიკეტზე დაიტანოს სრული ინფორმაცია ხორცის წარმომავლობის შესახებ, როდის და რომელ სასაკლაოზეა საქონელი დაკლული, ცხოველის ასაკი, ვარგისიანობის ვადა და ა. შ. ამასთან, აგრარულ ბაზრებში აქტიურად მიმდინარეობს რძის ნაწარმის ეტიკეტირების კონტროლი”, – განმარტავს ბასილაძე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს პროდუქტების შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები.
მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ბაზრების მონიტორინგი და კანონის გამკაცრება მნიშვნელოვანია, ეს ადგილობრივ ბაზარზე ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქტის გაყიდვას შეუწყობს ხელს.
,,ბაზარზე ხარისხიანი პროდუქტი უნდა იყიდებოდეს და ვიცოდეთ, რას ვჭამთ“, – ამბობს თელავში მცხოვრები ნინო ხაჭაპურიძე.