სტატიები

რა სერვისები შეიძლება განხორციელდეს კულტურის მართვის გაუმჯობესებისთვის რეგიონში?

პროექტის მიზანს მუნიციპალურ დონეზე კულტურის მართვის არსებული მოდელის შეფასება, ხარვეზების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა. ექსპერტები ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის კულტურა არ არის პრიორიტეტული სფერო.

,,სათემო განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლის, ანა მარგველაშვილის განცხადებით, შესწავლის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციათა პაკეტი, რომელიც მიმართულია სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებაზე. მისივე ინფორმაციით, ანგარიში ითვალსიწინებს, ასევე, რეკომენდაციებს მიზნობრივ მუნიციპალიტეტებში კულტურის სფეროს მართვის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით.

,,კვლევა ითვალისწინებდა კულტურის სფეროს მართვის მოდელის, სერვისების ხელმისაწვდომობის, არსებული პრობლემების შესწავლას. სჭირდება თუ არა მუნიციპალიტეტს კულტურის განვითარებაზე ზრუნვა? რა როლი შეიძლება ეკისრებოდეს კულტურას რეგიონული განვითარების პროცესებში, აქვს თუ არა მას კავშირი მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ წინასვლასთან, დასაქმებისა და თვითდასაქმების საკითებთან, რა გავლენა აქვს კულტურის მრავალფეროვან სერვისებს ადგილობრივ განვითარებაზე. საინტერესოა, რა გამოცდილება არსებობს ამ კუთხით ქვეყნებში, სადაც მუნიციპალური კულტურის სფეროს განვითარება მუდმივი მსჯელობის საგანია. შესამისად, ახალი მიდგომების დანერგვით მუდმივ პროგრესს განიცდის და ცხოვრების ხარისხიც მაღალია. რა შეგვიძლია ვისწავლოთ მათი გამოცდილებიდან? ეს არის ძირითადი კითხვები, რომლებზეც პასუხს სათემო განვითარების ცენტრი (CDC) კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან ერთად ეძებს“, – განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

სათემო განვითარების ცენტრის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის, მისი საცხოვრებლად მიმზიდველ ადგილად ჩამოყალიბებისათვის, ერთ–ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას სწორედ მრავალფეროვანი და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი კულტურის პროგრამები (სერვისები) წარმოადგენს. მარგველაშვილის აზრით, ადგილობრივი კულტურის პროგრამების არსებობა შესაბამისი რეგიონის, მუნიციპალიტეტის ცხოვრების დონის შეფასების ერთ–ერთ ინდიკატორს შეიძლება წარმოადგენდეს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ადგილზე კულტურული სერვისების ხელმისაწვდომობა და მრავალფეროვნება. 

,,მუნიციპალიტეტში კულტურის ცხოვრების განვითარება კომპლექსურ მიდგომას, კულტურის უწყვეტი სერვისების დანერგვასა და მოსახლეობისთვის მიწოდებას საჭიროებს. აღნიშნული ფუნქციის განხორციელება მუნიციპალური კულტურის ორგანიზაციების პრეროგატივაა, შესაბამისად განვითარების პროგრამები ამ ორგანიზაციების გაძლიერებასა და განვითარებასაც უნდა ისახავდეს მიზნად“, – განმარტავს მარგველაშვილი.

 

ფოტო: სათემო განვითარების ცენტრი