ახალი ამბები

ნუკრიანის კუტურის სახლის რეაბილიტაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება

,,ჩვენი სოფლის კულტურის სახლის რეაბილიტაცია არ ან ვერ მოხერხდება. ერთმა, რიგითმა ნუკრიანელმა, სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმო თავისი სახლი, რომელიც წლებია დაკეტილია. მოგვიწევს ბევრი, ძალიან ბევრი ვიმუშაოთ, რომ სახლოსნოებისთვის მინიმალური პირობები მაინც შევქმნათ. არ გვაქვს ელ.ენერგია, წყალი, კანალიზაცია. ჩვენი სახელოსნოების არსებობის 10 წლისთავზე, უკვე მესამედ მოგვიწევს ნულიდან დავიწყოთ ცხოვრება. ამ სახლში განთავსდება სათემო კავშირი ,,ნუკრიანის” ოფისიც. გვაქვს ძალიან ლამაზი ეზო და დიდი სიყვარულით გიმასპინძლებთ. დაგეგმეთ ერთი დღე ნუკრიანში”, –განუცხადა knews.ge–ს მაია ბიძინაშვილმა.

მისივე თქმით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შენობის რეაბილიტაციას არარენტაბელურ საქმედ აფასებენ.

,,არ მაქვს დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც ზუსტად ვილაპარაკებდი შენობის ბედზე, ამიტომ გადავწყვიტე ყველა ინსტანციიდან გამოვითხოვო პასუხები”, – აცხადებს ბიძინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი 18 დეკემბერს გვიან ღამით დაიწვა. ხანძრის შედეგად დაიწვა სოფლის ბიბლიოთეკა და სათემო ცენტრი „ნუკრიანი“. ამავე შენობაში ფუნქციონირებდა იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრიც.