გურჯაანში საცურაო აუზი გაიხსნა
,,გვეყოლება ცურვის პედაგოგები, დამონტაჟდება ვიდეოთვალები და დაცული იქნება სისუფთავე. ერთ თვიანი აბონიმენტის ღირებულება კვირაში ორჯერადი მოხმარებით ბავშვებისთვის განისაზღვრა 30 ლარით, უფროსებისთვის 60 ლარი ეღირება. ერთჯერადი მოხმარების ფასი შეადგენს 10 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რამდენიმე წევრი ისარგებლებს საცურაო აუზით, ისარგებლებენ ფასდაკლების ბარათებით. აბონემენტის ღირებულების გადახდა შესაძლებელი იქნება ლიბერთი ბანკში“, – განუცხადა knews.ge–ს არჩილ გოგიაშვილმა.
მისივე თქმით, სპორტკომპლექსში ჰიგიენის ნორმები მაქსიმალურად იქნება დაცული და დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით საცურაო აუზის წყალი სპეციალური ხსნარით დამუშავდება.
„დარბაზში მოხვედრის მსურველებისთვის აუცილებელი იქნება ცნობის წარდგენა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული ცნობის ღირებულება ბავშვებისათვის იქნება 5 ლარი, ხოლო უფროსებისთვის კი – 10 ლარი. გურჯაანის სპორტულ კომპლექსში ქალბატონებისთვის ხელმისაწვდომი იქნება აკვა აერობიკის კურსების გავლაც. სპორტულ კომპლექსში იფუნქციონირებს ტრენაჟორების დარბაზი და მინი სტადიონი. მოსაცდელთან იქნება კაფე, გასახდელები და საშხაპეები“, – აღნიშნა გოგიაშვილმა.
გურჯაანის სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია 2012 წელს ჩატარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 3 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში სპორტკომპლექსში თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი, სპორტული და სატრენაჟორო დარბაზები მოეწყო. საცურაო აუზის გახსნისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან 45 ათასი ლარი გამოიყო.