ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტში „ეკო ჰაბი“ მოეწყო

კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ინიციატივების შემუშავებას, ხელს უწყობს ნარჩენების ინტეგრირებული მართვის დანერგვას და ამ გზით სასწავლო დაწესებულებების გამწვანებას.
თელავის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, „ეკო ჰაბის“ ფარგლებში უკვე შექმნილია საერთო სამუშაო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ჯგუფური მუშაობა, პროექტების დაგეგმვა, საჯარო სემინარებისა და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება. 
,,მსგავსი სივრცის არსებობა მნიშვნელოვანია თანამოაზრეებისთვის ერთმანეთის პოვნის, გამოცდილების გაზიარებისა და პროექტების დაგეგმვა–განხორციელების ხელშეწყობის მიზნით და ზოგადად რეგიონის ახალგაზრდებისათვის თავისუფალი დროის ეფექტიანი გამოყენების კუთხით. ეს ხელს შეუწყობს სტუდენტების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და აღნიშნული კუთხით პრობლემების აღმოფხვრაში მათ ჩართვას”,– განუცხადეს Knews.ge-ს თელავის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
პროგრამას „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ (WMTR) ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს ქალაქებისა და საგრაფოების მართვის საერთაშორისო ასოციაცია (ICMA) ადგილობრივ ქვეკონტრაქტორ ორგანიზაცია CENN – თან თანამშრომლობით.
პროექტი ხელს უწყობს საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას ნარჩენების მართვის მართებული სისტემის ჩამოყალიბებაში საქართველოს ორ სამიზნე რეგიონში – კახეთსა და აჭარაში და მისი მიზანია მუნიციპალიტეტებში განხორციელდეს პილოტური ღონისძიებები ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მავნე ზემოქმედებისა და ნაგავსაყრელებიდან სათბური აირების შესამცირებლად.