ახალი ამბები

თუშეთთან დამაკავშირებელი გზა სავარაუდოდ 20 მაისს გაიხსნება

როგორც knews.ge–ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, გზის აღდგენითი სამუშაოები მარტის ბოლოდან დაიწყება. მისივე ინფორმაციით, თუშეთის გზის მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოებს 2020 წლის 1 იანვრამდე შპს „გერალი“ განახორციელებს. 
„თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გერალი“ განახორციელებს. შესაბამისი ტექნიკა გზის გაწმენდას 20 მარტის შემდეგ დაიწყებს“, – განუცხადა knews.ge–ს ვაჟა ნასყიდაშვილმა. 
საგზაო სამუშაოებზე სამი წლის განმავლობაში 1 236 791 ლარი დაიხარჯება. როგორც knews.ge–ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, თუშეთის გზის შეკეთების სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან 2016 წელს 5 000 ლარი დაიხარჯა; 2017 წელს 410 000 ლარია გათავალისწინებული, 2018 წელს 410 000 ლარი გამოიყოფა, ხოლო 2019 წელს – 411 791 ლარი.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის შეკეთების სამუშაოებს შპს “თუშეთის გზა” ახორციელებდა. 
თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს 6 თვის განმავლობაში იკეტება. საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზეა გაჭრილი.