ახალი ამბები

თავისუფალი საქართველო საარჩევნოდ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებას სთავაზობს

მათ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდეს.
როფორც პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, კახა კუკავამ knews.ge-ს განუცხადა, პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებით არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი ექნებათ. მისივე ინფორმაციით, არასაპარლამენტო პარტიებთან ერთიანი ბლოკის შექმნაზე კონსულტაციები 1 მაისამდე დასრულდება.
,,ჩვენ ვეტერანთა მოძრაობასთან ერთად დავიწყეთ კოალიციურ რეჟიმში საარჩევნო კამპანია და მოვუწოდებთ ყველა არასაპარლამენტო პარტიას, რომ შემოგვიერთდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ის, რომ ყველა საარჩევნო ოლქში, ეს იქნება მერის თუ გამგებლის არჩევნები, წარვადგინოთ ერთიანი კანდიდატები. უნდა გავერთიანდეთ, თუ გვინდა, რომ ისევ არ განმეორდეს ის, რაც წინა არჩევნებზე მოხდა, როცა ,,ქართულმა ოცნებამ“ და ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიყვეს პირველი და მეორე ადგილი ხალხის ზურგს უკან. დღეს ამ მახინჯ გეგმას რომ ხელი შეუშალოს, შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ერთიან არასაპარლამენტო ოპოზიციას. ჩვენ პირვალ მაისამდე ველოდებით ყველა დაინტერესებულ პარტიას, შემოგვიერთდეს კოალიციაში. საბოლოო ჯამში ეს არის ერთიანი სტრატეგია, რაც ჩვენ შეგვიძლია დავუპირისპიროთ ივანიშვილი–სააკაშვილის შეთანხმებულ გეგმას. გვაქვს რამდენიმე პარტიასთან კონსულტაციები. სავარაუდოდ ჩვენს კოალიციაში 5–6 პარტია იქნება გაერთიანებული’’, –განუცხადა Knews.ge-ს კახა კუკავამ.
გაერთიანებული ოპოზიცია გამგებლის, მერის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევას პრაიმერის გზით გეგმავს. 
,,მიგვაჩნია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები არის ძირითადი საშუალება, რაც შეიძლება დაუპირისპირდეს არსებულ პოლიტიკურ სისტემას. პრაიმერი ტარდება პარიტეტულ საფუძველზე, გამჭვირვალედ და ღიაა მონაწილეობისათვის ყველა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიისათვის და დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის’’, – განუცხადა Knews.ge-ს ,,მებრძოლ-პატრიოტთა კავშირის’’ თავმჯდომარემ ემზარ ქვარიანმა.