თელავში 2017 წლის ქალბატონი აირჩიეს

თელავის გენდერის მედიაცენტრის მიერ დაწესებული პრიზი – წლის ქალი 2017-ის ტიტული კოოპერატივის ,,თაფლიანის“ ერთ–ერთ დამფუძნებელს, ლალი სუხიტაშვილს ერგო. წლის ქალი თელავში უკვე მესამე წელია აღინიშნება და ხელს უწყობს ქალთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობის გაზრდას რეგიონულ დონეზე. 
,,ეს ჯილდო ნომინაციაში ,,წლის ქალი 2017“ ჩემთვის ამაღელვებელი და მნიშვნელოვანია. მესამე წელია რაც ეს პროექტი მიმდინარეობს. ეს პასუხისმგებლობა ბევრს მავალებს და ახლა ორმაგად მინდა, რომ წელს შევძლო მეტის გაკეთება, ვიდრე აქამდე,“ – განუცხადა knews.ge-ს ლალი სუხიტაშვილი.
თელავის გენდერის მედია ცენტრის ხელძღვანელის მაია მამულაშვილის განცხადებით, 
ღონისძების მიზანია ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე მცხოვრებ ქალებს, იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურები და მეორე მხრივ, მიიპყროს საზოგადოების ყურდღება გენდერული თანასწორობის საკითხებზე. 
,,დღევანდელ შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვყალიბდით, რომ შევქნით  საორგანიზაციო კომიტეტს იმისათვის, რომ  დავიწყოთ უფრო მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მომავალი  წლისათვის და გავზარდოთ ღონისძიების მასშტაბი, რათა მეტ ადგილობრივ ქალს მიეცეს შესაძლებლობა, რომ გაიცნოს ისინი საზოგადოებამ. დღეს საქართველოს სოფლად მცხოვრები ქალები  ქმნიან საზოგადოებისათვის მეტად მნიშვნელოვან პროდუქტს. სწორედ ამიტომ წელს ამ ტიტულის მფლობელი გახდა ქალბატონი, რომელმაც ნულიდან დაიწყო საკუთარი ბიზნესი და გახდა წარმატებული, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სხვა ქალებსაც მივცეთ სტიმული, რომ მეტი გააკეთონ საკუთარი ქალაქისა თუ სოფლისთვის“, – განმარტავს knews.ge-სთან მაია მამულაშვილი.
2017 წლის ქალის დაჯილდოვების ცერემონია ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციის “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის”, თელავის გენდერის მედიაცენტრის და გაზეთ „კახეთის ხმის“ ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (IFES).