ახალი ამბები

თელავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 3 თვის ბავშვი მოიწამლა

ბავშვი თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟით გუშინ ღამე გადაიყვანეს. როგორც Knews.ge–ს თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა თამილა თეიმურაზიშვილმა განუცხადა, 3 თვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მშობლებმა იგრძნეს ცუდად თავი, გაზის სუნმაც შეაწუხათ, ბებიას თავბრუ დაეხვა, ბავშვს კი ზედმეტი ძილიანობა აღენიშნებოდა. მშობლებს შეეშინდათ და ბავშვი ჯანმრთელობის ცენტრში გადმოიყვანეს. 3 თვის ბავშვს მაშინვე გაეწია პირველადი დახმარება და მიეწოდა ჟანგბადი. ზედმეტი ძილიანობა გაზით ინტოქსიკაციის ერთ–ერთი სიმპტომია. მცირე დოზით იყო მოწამვლა. ბავშვი ღამე მაინც დავტოვეთ, დილით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და ის უკვე გავწერეთ“, – განუცხადა knews.ge–ს თამილა თეიმურაზიშვილმა. 
არსებული ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა გაზის გამათბობლიდან გაჟონა.