ახალი ამბები

მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge 21 მარტამდე გაგრძელდება.
სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი მიშელაძის ინფორმაციით, პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა. მისივე განცხადებით, კოოპერატივმა – საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა უნდა უზრუნველყოს.
„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი პირობებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 20 ჰა ფართობი ვენახი, რომელშიც გაშენებული უნდა იყოს ვაზის შემდეგი ჯიშები: რქაწითელი, საფერავი, კახური მწვანე, ხიხვი, ქისი, გორული მწვანე, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური, უსახელოური, მუჯურეთული, წულუკიძის თეთრა (რაჭული). 
სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ტექნიკურ დახმარებასაც, რომლის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ჩაუტარდებათ სწავლება როგორც ღვინის საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი მიშელაძემ. 
მისივე განმარტებით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ სარგებელი ყურძნის რეალიზაციის გარდა, ღვინის გაყიდვიდანაც მიიღონ. 
მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა საპილოტეა და მის ფარგლებში არანაკლებ 3 საწარმოსთვის საჭირო აღჭურვილობა გაიცემა. პროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს.