ახალი ამბები

რძის მწარმოებელი კოოპერატივების პროგრამაში ჩართვა მეცხვარეობის კოოპერატივებსაც შეეძლებათ

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად პროგრამას ემატება წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის კონპონენტი.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ახლა უკვე არა მხოლოდ მესაქონლეობის, არამედ მეცხვარეობის და მეთხევეობის დარგის კოოპერატივებსაც შეეძლებათ.
სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი მიშელაძის ინფორმაციით, მეცხვარეობის მომთაბარე სპეციფიკიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია კოოპერატივისათვის თანადაფინანსებით ღირებულების 30%-ად, მობილური ტიპის 24 ადგილიანი საწველი აღჭურვილობის გადაცემა, თუ კოპერატივს ან/და მის მეპაიეს საკუთრებაში გააჩნია არანაკლებ 2000 სული ცხვარი (ნერბი).
“იმ შემთხვევაში თუ კოოპერატივს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 200 სული თხა (ნეზვი), მას გადაეცემა 12 ადგილიანი საწველი და ყველის დამამზადებელი რძის საწარმოო აღჭურვილობა. საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება წარმოადგენს მონაწილის ვალდებულებას.
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დისტანციურად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ -გვერდზე www.acda.gov.ge იქნება შესაძლებელი. კოოპერატივები მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას ტრეინინგების სახით”, – განაცხადა გიორგი მიშელაძემ. 
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გასულ წელს დაიწყო. სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 2016 წლის განმავლობაში აშენდა და პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობით დაკომპლექტდა 9 საწარმო, მათ შორის, 1 – კახეთში. 
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა მიიღეს სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები.