ახალი ამბები

გურჯაანში მაყვლის მწარმოებლებმა ასოციაცია შექმნეს

გაერთიანების ჩამოყალიბების იდეა კოოპერატივ „გილეს“ დამფუძნებელს, იზოლდა ქიტესაშვილს ეკუთვნის. როგორც knews.ge–ს ქიტესაშვილმა განუცხადა, ევროპის ქვეყნებში მოთხოვნაა მაყვლის დიდ რაოდენობაზე, რომლის გატანა ევროკავშირის ბაზარზე ერთ მწარმოებელს არ შეუძლია, ამიტომ გადაწყვიტეს გაერთიანება. 
„ვუკავშირდებით ყველა ფერმერს, რომელსაც გაშენებული აქვს მაყვალი ან გაშენებას აპირებს. მაყვლის მწარმოებლების მიზანია, რომ ერთად ვისაუბროთ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე და ამავე დროს პროდუქცია ევროპის ბაზარზე ერთად გავიტანოთ. იყო შეკვეთები გერმანიიდან, ფინეთიდან, რუსეთიდან, მაგრამ უეკლო მაყვლის რაოდენობა ძალიან ცოტაა. რამდენიმე ასეული ტონაა საჭირო, რომ ამ ქვეყნებში პროდუქცია გავიდეს“, – განუცხადა knews.ge–ს იზოლდა ქიტესაშვილმა. ფერმერს გურჯაანის რაიონში ამერიკული „ჩესტერის“ ჯიშის უეკლო მაყვლი 4 ჰექტარზე გაშენებულ ბაღში 2010 წლიდან მოჰყავს. ქიტესაშვილის განცხადებით, მაყვლის ერთი მარცვალი, ჩვეულებრივ მაყვალზე 3–4–ჯერ მეტს იწონის და 12 გრამია. მისივე ინფორმაციით, ერთ ჰექტარზე გაშენებული ბაღიდან 20–25 ტონა მოსავალი მოდის.