აგრარულ ბაზრებში ხორცისა და ყველის ეტიკეტირების შემოწმება დაიწყო
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის, გიორგი იაკობაშვილის განცხადებით, ტექნიკური რეგლამენტი „საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი“ 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.
,,მნიშვნელოვანია, აგრარულ ბაზრებში დაცული იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და სურსათის უვნებლობის სტანდარტები. სააგენტოს მოვალეობაა სასურსათო ჯაჭვის სრულად გაკონტროლება; მაღალი რისკის სურსათის – ხორცის და ხორცპროდუქტების, რძის და რძის პროდუქტების, მათ შორის ყველის ეტიკეტირების მონიტორინგი და დახლზე განთავსებული მალფუჭებადი სურსათის შესაბამისობის დადგენა ტექნიკურ რეგლამენტებთან, რაც მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად“, – განაცხადა იაკობაშვილმა.
რეგლამენტი განსაზღვრავს ბაზარზე განთავსებული საქონლის ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სავალდებულო ეტიკეტირებას და ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს. ბიზნესოპერატორებმა ეტიკეტზე უნდა დაიტანონ სრული ინფორმაცია ხორცის წარმომავლობის შესახებ, როდის და რომელ სასაკლაოზეა საქონელი დაკლული, ცხოველის ასაკი, ვარგისიანობის ვადა და სხვა.
მოსახლეობა რეგულაციების შემოღებას დადებითად აფასებს. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონის გამკაცრება მნიშვნელოვანია და ადგილობრივ ბაზარზე ის ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქტის გაყიდვას შეუწყობს ხელს.
,,პროდუქტის ეტიკეტირება საჭიროა და მნიშვნელოვანია, რადგან უნდა ვიცოდეთ რას ვყიდულობთ და რას ვჭამთ“, – განუცხადა knews.ge-ს გურჯაანში მცხოვრებმა თამრიკო ზარდიაშვილმა.