კაჭრეთში გოლფის ბაზის დამფუძნებლები ეროვნული ფედერაციის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ
მოედანი უკვე 2 წელია აქტიურად ფუნქციონირებს, უამრავ დიპლომატსა და უცხოელ ბიზნესმენს მასპინძლობს, ატარებს საერთაშორისო ტურნირებსა და მასტერკლასებს, თუმცა გოლფის ბაზას სპორტის სამინისტრო ეროვნული ფედერაციის სტატუსს ამ დრომდე არ ანიჭებს. გოლფის კლუბის დამფუძნებლის, შოთა ქებურიას განცხადებით, გოლფის შესასწავლად სპორტსმენებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი და მათთვის გაუგებარია, რატომ არ ანიჭებს სამინისტრო ფედერაციის სტატუსს.
„გვყვავს მოწვეული ტრენერები, რომლებიც ავარჯიშებენ სპორტსმენებს და ბავშვებს. გოლფის კლუბის მიზანია, რომ მივიღოთ მონაწილეობა შემდეგ ოლიმპიადაში“, – აღნიშნა შოთა ქებურიამ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ კაჭრეთის გოლფის ბაზისათვის ფედერაციის სტატუსის მინიჭებაზე უარის მიზეზად ის დაასახელა, რომ გოლფის ფედერაცია საქართველოში უკვე არსებობს. აღსანიშნავია, რომ ფედერაციას მოედნები არ აქვს.
„გოლფის ფედერაცია ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ეს აღიარება გაჩერდეს. შეასრულა თუ არა ფედერაციამ ვალდებულებები, ამ საკითხს კომისია განიხილავს“, – განაცხადეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.