პურის ეტიკეტირებაზე კონტროლი მკაცრდება
,,შეფუთულ პურს ქართულ ენაზე სპეციალური ეტიკეტი დაეტანება. თუ პური შეფუთული არ არის, უნდა ახლდეს შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს მისცემს საშუალებას, ქონდეს წარმოდგენა რა პროდუქტს ყიდულობს,” – განაცხადა კახა სოხაძემ.
სოფლის მეურნეობის და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ქეთევან ლაფერაშვილის განცხადებით, ახალი რეგულაციები სავარაუდოდ, ფქვილზე ფასის მომატებას არ გამოიწვევს.
,,ძალაში შედის საქართველოს მთავრობის 376-ე დადგენილება, რომელიც 2015 წლის 27 ივნისს დამტკიცდა – ეს არის ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი. ამის მიხედვით, შეძენილ ფქვილზე უნდა იყოს ეტიკეტი განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეეძლება იხილოს, რა ფქვილს ყიდულობს, როგორია მისი ხარისხი – არის ექსტრაფქვილი, უმაღლესი ხარისხის, მეორე ხარისხის, პირველი ხარისხის თუ სხვა. ტექნიკური რეგლამენტის შემოღებამ ფასების გაძვირება არ უნდა გამოიწვიოს – ის, რაც იყო ბაზარზე, რჩება და ასევე, სწორად და მართებულად იქნება რეგულირებული. პურის მწარმოებლებს არ ექნებათ პურის შეფუთვის ან მასზე ეტიკეტის დატანის ვალდებულება. როდესაც საწარმოდან გამოდის პური, უნდა მოყვებოდეს დოკუმენტი, სადაც პროდუქტის მახასიათებლები იქნება მითითებული, ხოლო პურის მაღაზიები, დახლზე მისი დადების შემდეგ ვალდებული იქნებიან მიუთითონ, თუ რომელი რა პურია, რას შეიცავს და სხვა”, – აღნიშნა ქეთევან ლაფერაშვილმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პურისა და პურპროდუქტების სახელმწიფო კონტროლი განხორციელდება როგორც წარმოების, ასევე რეალიზაციის ეტაპზე. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდებიან.