ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტოხაფანგმა ხარ-ირემი გადაიღო
ირემი გასული საუკუნის 50-იან წლებამდე კოლხეთის დაბლობის გარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვხვდებოდა. როგორც Knews.ge–ს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი სულამანიძემ განუცხადა, გასული საუკუნის 90-იან წლებში ბრაკონიერების გამო ირმების რაოდენობა ბარში საგრძნობლად შემცირდა, გასულ წელს კი ისინი პირველად აღკვეთილში დააფიქსირეს. 1989 წლის მონაცემით, ლაგოდეხის ნაკრძალში 1400 ირემი ბინადრობდა. 1999 წელს ნაკრძალში მხოლოდ 70–მდე ირემი დარჩა.
„იყო პერიოდები, როდესაც ბარში ირმებს ხშირად ნახავდით. ლაგოდეხის ტყეებში ცხოველის ამ სახეობის წყვეტა ტითქმის არ ყოფილა. 90-იანი წლების შემდეგ მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. 2006 წლიდან როდესაც დაცული ტერიტორიების რეფორმა დაიწყო, გაუმჯობესდა ყველა ცხოველის პოპულაცია. 2015 წლის მონაცემებით, ირმის რიცხოვნობა 300-ს გადასცდა. გასულ წელს იყო პირველი შემთხვევა, რომ ირმის რამდენიმე ჯგუფი აღკვეთილში, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 1000 მეტრში დაფიქსირდა. როგორც ჩანს ისინი უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ამ მხრივ მოსახლეობის ცნობიერებაც შეცვლილია“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი სულამანიძემ.
ამჟამად ირემი შემორჩენილია მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ – ხარაგაულის ეროვნულ პარკში, გარდაბნის აღკვეთილში და ბოლო მონაცემებით მისი არსებობა დასტურდება თუშეთის ეროვნულ პარკში.
ირემი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში კრიტიკულად საფრთხეში მყოფის (CR) სტატუსით და მას განსაკუთრებული დაცვა და მზრუნველობა ესაჭიროება.ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი ფოტომახეების მეშვეობით მიმდინარეობს. ფოტომახეების დახმარებით შესაძლებელია გარეული ცხოველების დისტანციურად გადაღება, მათი რიცხოვნობის დადგენა, დღეღამური და სეზონური აქტივობის დაფიქსირება და ა.შ.