ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამების დაფინანსება 20 000 ლარით გაიზარდა

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, წელს 14 სხვადასხვა სოციალური პროგრამის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება 20 000 ლარით გაიზარდა. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე კენჭი უყარეს აღნიშნულ ცვლილებას, რომელსაც დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების უფროსის, გოჩა ყუშიტაშვილის განცხადებით, რაიონში მოქმედი სოციალური პროგრამებიდან მოსახლეობა ძირითადად სარგებლობს ჯანდაცვის პროგრამით, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 150 000 ლარით არის გამოყოფილი.
,,თელავის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე მიმდინარე 14 სოციალური პროგრამა გვაქვს, მათ შორის ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომლის ფარგლებშიც უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეებს 50-დან 100 ლარის ოდენობით დახმარებას ვუწევთ. ეს პროგრამა 100 000 ლარით ფინანსდება, გვაქვს დიალიზზე დამოკიდებული პაციენტებისთვის ტრანსპორტის დაფინანსების პროგრამა და სხვა. ასევე გვაქვს ერთჯერადი სამედიცინო თანადაფინანსების პროგრამა, რომლითაც ყველაზე ხშირად სარგებლობენ მოქალაქეები”, – განაცხადა გოჩა ყუშიტაშვილმა.