ახალი ამბები

თელავში მოკლული ორი პოლიციელის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

საპატრულო პოლიციის კაპიტნის, გელა ლამაზოშვილისა და სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომლის, მაია ჯავახიშვილის სული მოსახსენიებელი წირვა დღეს თელავის წმ. ნინოს სახელობის ტაძარში ჩატარდა. საღმრთო ლიტურგია ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა რაჟდენმა აღავლინა. მოგვიანებით მღვდელმსახურმა აკურთხა გარდაცვლილი სამართალდამცავების საფლავები, სადაც მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. 
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 30 დეკემბერს გელა ლამაზოშვილი და მაია ჯავახიშვილ თელავის საპატრულო პოლიციის სამმართველოს ეზოში მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სანდრო მეტრეველმა სანადირო თოფიდან ცეცხლი გაუხსნა მაია ჯავახიშვილის დასახმარებლად მისულ გელა ლამაზოშვილს. მიღებული ჭრილობის შედეგად, გელა ლამაზოშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მაია ჯავახიშვილის გადარჩენას კი ექიმები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცავის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილები სამხედრო წესით დაკრძალეს. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ბრალდებულის პაპის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სანდრო მეტრეველს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 4 წლით იძულებითი მკურნალობა მიესაჯა.