წინანდალში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი გარდაიცვალა
მამაკაცმა მეუღლის მოკვლის შემდეგ დანაშაულის ჩადენის იარაღით თვითმკვლელობა სცადა და სანადირო თოფიდან თავის არეში ისროლა. რამდენიმე დღის განმავლობაში ის თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, საღამოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ა.ბ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას, ყოფილი მეუღლე -ე.შ. თავის საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით, თავის არეში დაჭრა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, ქალბატონი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 3 დეკემბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცს, ქალთან არსებული კონფლიქტის გამო, შემაკავებელი ორდერი დაუმტკიცა. მოსამართლემ მას 30 დღის განმავლობაში აუკრძალა ყოფილ მეუღლესთან მიახლოება და სატელეფონო კავშირი, რომელსაც იგი არ დაემორჩილა.
უწყების ცნობით, გარდა ამისა, 2016 წლის 21 ნოემბერს სამართალდაცავებმა ა.ბ. იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. თელავის რაიონულმა სასამართლომ მას გირაო 8000 ლარი შეუფარდა. მან პენიტენციური დაწესებულება 1-ელ დეკემბერს დატოვა.