თელავის მერიამ ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გამართა
,,მომავალი წლის მთავარი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური სფერო, სკოლამდელი განათლება და ჯანდაცვა იქნება. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით 2017 წლის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 200 ათასი ლარი გამოიყოფა. კაპიტალური პროექტების განხორციელებაზე, ინფრასტრუქტურის მოვლა–პატრონობაზე, ქალაქის დასუფთავებასა და ამ მიმართულებით სხვა ღონისძიებების განხორციელებაზე 3 მილიონ 80000 ლარამდე დაიხარჯება. მომავალი წლის ბიუჯეტს დაემატა ნაშთი, რომელიც 2016 წლიდან გადაყვება გარდამავალი პროექტების გარდა. ეს არის უპრეცენდენტოდ დიდი თანხა, რომელიც შეიძლება ინფრასტრუქტურის კუთხით გამოვყოთ.
გარდა ამისა, პრიორიტეტულია და დიდ ყურადღებას ვაქცევთ ტურიზმის მიმართულებას ქალაქში. ხელს შევუწყობთ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს საქმიანობის გაფართოებაში, რომელიც ხელს შეუწყობს თელავში დასაქმებას და მოსახლეობისთვის შემოსავლების გაზრდას. რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, განვახორციელებთ ახალ მასშტაბურ პროექტს და გავხსნით დღის ცენტრის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის. 2015, 2016 წელს სოციალური პროექტები მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი და აქედან გამომდინარე, მომავალი წლის ბიუჯეტში მიმდინარე ხარჯების და პროგრამების კუთხით ზრდა არ იქნება. სპორტის მიმართულებით კი, ძირითადი აქცენტი გაკეთდება ინფრასრუქტურულ მოწყობაზე. დიდი ყურადღება დაეთმობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსაც. პროექტი დამუშავებულია მოსახლეობის მოთხოვნებისა და საჭიროებებიდან გამომდინარე,’’– განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დეპუტატებმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვისას უკმაყოფილება გამოთქვეს იმ ფაქტზე, რომ მთავარი დოკუმენტის განხილვას მხოლოდ 5 მოქალაქე ესწრებოდა. მათი თქმით, იმისთვის რომ ქალაქის ბიუჯეტის განხილვას მეტი ადამიანი დასწრებოდა მერიას სხვა ღონისძიებები უნდა გაეტარებინა.
,,საკრებულოს სხდომაზე დავსვი საკითხი რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვისთვის უქმე დღე აგვერჩია, თუმცა არ გაითვალისწინეს. დოკუმენტის საჯარო განხილვა ხდება სამუშაო საათებში რის გამოც ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს მონაწილეობის მიღებას. მიმაჩნია, რომ ბიუჯეტის საჯარო განხილვა ფორმალურია,“– განაცხადა ქალაქ თელავის საკრებულოს დეპუტატმა გია ძამუნაშვილმა.
ქალაქის მერის, პლატონ კალმახელიძეს განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა და მსჯელობა მოქალაქეებისათვის კიდევ გაიმართება.