დღეიდან შობის მარხვა დაიწყო
მარხვა მორწმუნეებს უფლის შობის დღესასწაულისთვის ამზადებს. ტრადიციულად, შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლებათ. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება. შესაძლოა, გამონაკლისი პირველ იანვარს გაკეთდეს და კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევის შემთხვევაში, მმარხველები თევზის მიღებას შეძლებენ.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს.