თესაუში შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს მოწყობა იგეგმება
სასწავლებლის რექტორის ირმა შიოშვილის განცხადებით, პროექტმა ევროკომისიის ექსპერტების დიდი მოწონება დაიმსახურა, სადაც ევროპის სხვა უნივერსიტეტებთან ერთად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიც აქტიურადაა ჩართული.
,,DARE-ს პროექტი მიზნად ისახავს ეროვნული უმცირესობის და ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის თესაუ-ში ხელსაყრელი პირობების შექმნას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები მიზნობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის. ეს კურსებია: ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარ-ჩვევები და მათემატიკა, უცხო ენა (რუსული და ინგლისური). პროექტის დაწყებიდან პირველი კონსორციუმის შეხვედრა მურსიის უნივერსიტეტში (ესპანეთი) გაიმართა, მეორე კონსორციუმის შეხვედრა ისრაელში, ,,აქვას“ კოლეჯში, მესამე შეხვედრა კი, ჩვენს უნივერსიტეტში ტარდება”, – განაცხადა შიოშვილმა.
პროექტის, ,,უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამების შემუშავება მოწყვლადი ჯგუფებისა და რეგიონებისათვის” (Developing programs for Access of disadvantaged groups of people and Regions to higher Education“ – DARE) ფარგლებში, 2015 წლის 27 ნოემბერს ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას ჰაიფას უნივერსიტეტს, ისრაელსა და ევროკავშირის ტემპუსის პროგრამას შორის. პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტია.