კახელ ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მდებარე სეტყვის შედეგად დაზარალებული გარგრის ბაღი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის“ მენეჯერმა ლევან მაღრაძემ, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ წარმომადგენელმა და კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შიოშვილმა დაათვალიერეს და პროგრამის ბენეფიციარს, დაზარალებულ ივანე ხუცოშვილს შეხვდნენ.
აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერის, ლევან მაღრაძეს თქმით, სოფელ ახაშნის მკვიდრს, ივანე ხუცოშვილს სეტყვის შედეგად დაუზიანდა მოსავლის 70%. სადაზღვევო კომპანია ”ალდაგმა” აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურა 21,546 ლარი.
,,ბენეფიციარის მიერ სადაზღვევო პოლისის შესაძენად გადახდილმა თანხამ 820.80 ლარი შეადგინა, ხოლო სააგენტოს სუბსიდირებამ 3,283.20 ლარი. ამ პროგრამის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა თვითოეული ბენეფიციარისთვის, რადგან ეს მათ საშუალებას აძლევთ დაზღვეულები იყვნენ ყველანაირი მოსალოდნელი საფრთხისგან’’,– განაცხადა ლევან მაღრაძემ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს მაშტაბით „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში გაცემულია 16,139 პოლისი, პროგრამაში ჩართულია 12,772 ბენეფიციარია, სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 7,737,083.87 ლარი შეადგინა. უწყების ინფორმაციითვე, პროგრამის ფარგლებში დაზღვეულია 14,640.86 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულებამ ჯამში 125,774,643.03 ლარია. ქარიშხლის, ჭარბი ნალექისა და სეტყვის შედეგად 3,423.00 სადაზღვევო შემთხვევა დადგა, ასანაზღაურებელი თანხა პირველადი შეფასებით 5,180,568.02 ლარს შეადგენს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის შეფასება და თანხის ჩარიცხვა.
,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას”, – განაცხადა აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერმა ლევან მაღრაძემ.