ახალი ამბები

უნიკალური აღმოჩენა ყვარელში

მკვლევარები დოლოჭოპის V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის არსებობაზე საუბრობენ. მათი აზრით, შესაძლოა, ეს აღმოჩნდეს მსოფლიოში ერთადერთი დიდი ქრისტიანული ტაძარი, სადაც მის შიდა ტერიტორიაზე, ნაკურთხი წყლით სავსე VIII საუკუნის ქვევრი ინახებოდა. 
მკვლევარების შეფასებით, დოლოჭოპის V საუკუნის ტაძრის არქეოლოგიური გათხრების შედეგად ახლად აღმოჩენილმა კარიბჭემ და გალერეებმა ბაზილიკური ძეგლის მნიშვნელობა და მასშტაბები კიდევ უფრო გაზარდა. 
ექსპედიციის წევრი, პროფესორი ნოდარ ბახტაძე ირწმუნება, რომ ნაწილობრივ ბიზანტიურ და ნაწილობრივ ადრეული რომაული სტილით ნაგებ ეკლესიას ბაზილიკურ ტაძრებს შორის კავკასიაში ანალოგი არ მოეპოვება.
,,საკათედრო ტაძარია და ის მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოშიც IV- V საუკუნეშიც იგებოდა იმავე მასშტაბის და გრანდიოზული ტაძრები, როგოც დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროში. ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, ბაზილიკის გარე ზომებმა მიაღწია 41 X 29 მ-ს, რაც გულისხმობს, რომ ის ბევრად აღემატება კავკასიასა და მეზობელ რეგიონებში დღემდე მიკვლეულ ყველა ქრისტიანულ ბაზილიკურ ტაძარს. არქეოლოგიური კვლევა ეროვნული მუზეუმის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით გაგრძელდება, საბოლოო დასკვნა 2 წელში იქნება ცნობილი”,– განაცხადა ნოდარ ბახტაძემ.
მეცნიერთა აზრით, ამ ადგილას V საუკუნეში 44 მეტრის სიგრძის, 39 მ სიგანის და 15 მ სიმაღლის ქრისტიანული ტაძარი უნდა ყოფილიყო. მათივე თქმით, კომპლექსის ერთ–ერთ მნიშვნელოვან აღმოჩენად ითვლება საკურთხეველი, სადაც ნაპოვნი სამკაულები და სხვა ნივთები ეროვნულ მუზეუმშია გადატანილი.
ტაძრის კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მოინახულა და სპეციალისტების მოსაზრებებს გაეცნო.